სახალხო დამცველი საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომით უფლებებზე განცხადებას ავრცელებს

20 მარტი 2025, 11:18 192 ნახვა

სახალხო დამცველი საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა, მათ შორის, საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების საკითხს ეხმიანება და განმარტავს, რომ საჯარო სამსახურში მიღებული ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება სრულად უნდა შეესაბამებოდეს შრომის უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს.

ლევან იოსელიანის თქმით, უმნიშვნელოვანესია თანასწორობის პრინციპის დაცვა და საჯარო სამსახურში დასაქმებულთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო დაუშვებელია.

" 2024 წლის დეკემბრიდან, საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატი პროაქტიულად შეეხმიანა სამსახურიდან გათავისუფლებულ 41 პირს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქმისწარმოების პროცედურებისა და აპარატისთვის მომართვის თაობაზე. საგულისხმოა, რომ გათავისუფლებულების ნაწილი უფლების დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. ხოლო ნაწილმა სახალხო დამცველის აპარატს მომართა და მოცემული ეტაპისთვის აპარატი შეისწავლის შრომით ურთიერთობაში სავარაუდო დისკრიმინაციის 8 საქმეს, რომელიც ჯამში 15 პირს მიემართება", - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში. 

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს აზრის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს უფლებადარღვეული სუბიექტების პოზიციებსა და მათ ხელთ არსებულ მტკიცებულებებს.

"ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა მიმართ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევაში, მომართეთ სახალხო დამცველის აპარატს.

დამატებით გაცნობებთ, რომ განცხადების წარმოდგენა შესაძლებელია დისტანციურად შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@pdo.ge

კითხვების არსებობის შემთხვევაში ან/და კონსულტაციის მიზნით, დაუკავშირდით სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს - 1481",- წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში