სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში ყველა დროის რეკორდი დაამყარა

20 მარტი 2025, 10:45 154 ნახვა

„სან ანტონიო სპურსის“ ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში ყველა დროის რეკორდი დაამყარა. მან მსოფლიოში საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში მოედანზე გატარებულ 20 წუთზე ნაკლებ დროში ყველაზე მეტი - 34 ქულა მოიპოვა. „სან ანტონიომ“ საკუთარ დარბაზში „ნიუ იორკ ნიქსი“ 120:105 დაამარცხა.

მამუკელაშვილმა მოედანზე 19 წუთი და 27 წამი გაატარა. ამ დროის განმალობაში ქართველმა კალათბურთელმა საკუთარ გუნდს 34 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა. მამუკელაშვილის ანგარიშზე 7-დან 7 ზუსტი სამქულიანია. აქამდე NBA-ის ისტორიაში 20 წუთზე ნაკლებ დროში ყველაზე მეტი - 32 ქულა ამჟამად „ნიუ იორკ ნიქსის“ რიგებში მოთამაშე ამერიკელ გამთამაშებელს, ჯეილენ ბრანსონს ჰქონდა მოპოვებული.

ასევე, NBA-ის შეხვედრაში არცერთ ქართველს 34 ქულაზე მეტი არ დაუგროვებია. მანამდეც ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი მამუკელაშვილს ჰქონდა – 2022 წლის 10 აპრილს „კლივლენდ კავალიერსთან“ სანდროს ანგარიშზე 28 ქულა იყო. მაშინ ის „მილუოკი ბაქსის“ ღირსებას იცავდა და ზაზა ფაჩულიას შედეგი - 27 ქულა გააუმჯობესა.

ამ მომენტისთვის „სან ანტონიო სპურსი“ 29 გამარჯვებითა და 39 მარცხით NBA-ის დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში