საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა

20 მარტი 2025, 23:03 114 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა „ერთა ლიგის“ „პლეი ოფის“ პირველი შეხვედრა სომხეთის ნაკრებთან გამარჯვებით დაასრულა. მეზობლების დერბი ყოველთვის გამორჩეულ ინტერესს იწვევს, გამონაკლისი  კი, არც ეს მატჩი გამოდგა.

33-ე წუთზე ქოჩორაშვილმა მეტოქის გადაცემა ჩაჭრა, ბურთი კიტეიშვილთან გაითამაშა და დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ანგარიში გახსნა. ოთხ წუთში, მამარდაშვილის გადაცემით მიქაუტაძემ მახვილი კუთხიდან გაიტანა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მეკარის მიერ შესრულებული პირველი საგოლე გადაცემა იყო.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მესამე  გოლიც გაიტანა. სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ, რომელიც ქოჩორაშვილმა წამოიწყო და ჩაკვეტაძემ გააგრძელა, გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა და ანგარიში 3:0 გახდა. აღსანიშნავია, რომ ამ გოლებით გიორგის საქართველოს ნაკრების მაისურით 18 გოლი დაუგროვდა და საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე გადავიდა. ის მხოლოდ შოთა არველაძეს ჩამორჩება, რომელსაც 26 გოლი აქვს გატანილი.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა და B დივიზიონში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა. ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სომხეთს 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს – მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

აქვე გეტყვით, რომ სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის წინ ამავე ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციების წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაასაჯაროეს: საქართველოსა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციები განაცხადს წარადგენენ FIFA-ში, რათა 2029 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ორ ქვეყანაში ერთობლივად გაიმართოს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში