რამიშვილი ციხის უფროსის კაბინეტში იყო, როცა ახალაიამ დაურეკა უდესიანს და იკითხა, წილები თუ გადაფორმდა, მოუბრუნდა პატიმარს და უთხრა, ხარძიანი ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეთ, წილები გადააფორმოსო - ხარძიანის ადვოკატი

21 მარტი 2025, 16:05 229 ნახვა

ბიზნესმენის ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატმა ლამარა კობალაძემ, რომელიც ბიზნესმენის ინტერესებს მისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საქმეში წარმოადგენს, დღეს ,,2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის'' სხდომაზე ისაუბრა.

ლამარა კობალაძემ გაიხსენა ბესიკ ხარძიანის ჩვენება, სადაც ხარძიანი საუბრობს  თანასაკნელ ოლეგ რამიშვილზე, რომელიც გაიყვანეს ციხის უფროსის კაბინეტში, როცა დახვდნენ კუდ-ის მაღალჩინოსნები, დათა ახალაია და სოსო თოფურიძე. ახალაიას მიერ გიორგი უდესიანთან განხორციელებული ზარის შემდეგ, რამიშვილს დაავალეს, თუ საჭირო გახდებოდა ბესო ხარძიანი ისეთ მდგომარეობამდე მიეყვანათ, რომ მას წილები გადაეფორმებინა.

"სცემდნენ აბსურდული მიზეზით, ბესოს ჩვენებაა, რომ შეურაცხყოფის ფაქტს ესწრებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვინმე ვიქტორ ჭეიშვილი, რომელიც დირექტორის მოადგილე გახლდათ...

 

ბესო ხარძიანი განმარტავდა, რომ მასთან ერთად საკანში ჩასვეს ვინმე ოლეგ რამიშვილი რომელმაც შესვლისთანავე დაიწყო ბესოს მიმართ ძალადობა, მას აღვიძებდა მძინარეს, იყო შემთხვევა, რომ თავში ბოთლი ჩაარტყა მძინარეს და გარდა ამისა, ის ე.წ. „ნასედკა“ იყო, რომელიც იმ პერიოდისთვის უცხო არ გახლდათ და გაჰქონდა ამბები. 

 

იყო ერთი დღე, როდესაც საკნიდან გაიყვანეს ოლეგ რამიშვილი და იგი დაბრუნდა გაფითრებულიო და მითხრა, რომ ის იმყოფებოდა ციხის უფროსის კაბინეტში, სადაც იყვნენ დათა ახალაია, რომელიც კუდ-ის უფროსის თანამდებობას იკავებდა და სასამართლო გადაწყვეტილებაში მოხსენიებულია როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის [ბაჩო ახალაია] ძმა და სოსო თოფურიძე, რომელიც გახლდათ კუდ-ის უფროსის მოადგილე. ეს ადამიანები წარმოადგენდნენ საზოგადოებისთვის ცნობილ პირებს. ყველას თანდასწრებით დათა ახალაიამ დაურეკა გიორგი უდესიანს, რომელიც იყო ბესარიონ ხარძიანის პარტნიორი და იკითხა, რომ წილები გადაფორმდა? როგორც ჩანს, უარყოფითი პასუხი მიიღო, ამიტომ მოუბრუნდა პატიმარს და უთხრა, რომ ბესარიონ ხარძიანი ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეთ, წილები გადააფორმოს, თუ საჭირო გახდებოდა, ისე უნდა ეცემათ, რომ გონება დაეკარგა და გაეუპატიურებინათ. ბატონი ბესო ბრძანებდა, რომ ამ ინფორმაციის შემდეგ ჩემთვის ცხადი გახდა, რომ წილების გადაფორმების გარეშე ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდაო”, - აღნიშნა ლამარა კობალაძემ.

,,2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის'' სხდომაზე ბესო ხარძიანის საქმე განიხილებოდა.

ამ საქმესთან დაკავშირებით,საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ბიზნესმენის შვილს, ბესო ხარძიანს, გიორგი უდესიანის დის ქმარს, მსჯავრდებულ ზაზა გუგავას და უდესიანის მიერ ხარძიანთან ციხეში მიგზავნილ ადვოკატს, დავით კვაჭანტირაძეს მოუსმინეს.

 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში