საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს

24 მარტი 2025, 14:05 167 ნახვა

საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს.

„მეოთხე თვეა, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების პარალელურად, სხვადასხვა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჯგუფების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ აქტიურად ხორციელდება მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან დაკავშირებით ვრცელდება რეპუტაციის შემლახველი და იმიჯის დამაზიანებელი საჯარო განცხადებები, რომლებიც არ ეფუძნება ფაქტებს, შეიცავს მცდარ ინფორმაციას და არასწორ წარმოდგენებს ქმნის საზოგადოებაში.

ამ ხნის განმავლობაში მაუწყებლის თანამშრომლები ასრულებენ თავის პროფესიულ მოვალეობას სხვადასხვა ფორმით გამოხატული ზეწოლის, თავდასხმებისა და შეურაცხყოფის ფონზე, რასაც პასუხობენ მხოლოდ თმენით და მაღალი პროფესიონალიზმით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ თანამშრომლების (საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები – GPB Guardians) ნაწილის მხრიდან, რომლებიც უერთდებიან მაუწყებლის წინ მიმდინარე პროტესტს, არაერთხელ დაირღვა შრომითი ხელშეკრულების პირობები, ასევე მაუწყებლის შრომის შინაგანაწესი (რომელიც ხელშეკრულების ნაწილია). მათ მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებები იწვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ცრუ ბრალდებების ტირაჟირებას და მედიაორგანიზაციის იმიჯის, ნდობის დაზიანებას, რაც ვერ დარჩება რეაგირების გარეშე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი და ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, ყველა გადაწყვეტილება მიიღება ორგანიზაციის არსის, მისი მისიის და მიზნების, მასში დასაქმებული ადამიანების უფლებების და ინტერესების, კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით.

კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზაციაში არსებობს ორი ხელმძღვანელი ორგანო – სამეურვეო საბჭო და გენერალური დირექტორი (მასთან არსებული დირექტორთა საბჭო). სამეურვეო საბჭო სამუშაო შეხვედრაზე გაეცნო იურიდიული სამსახურის მიერ წარმოებულ მოკვლევის შედეგებს, სადაც არ გამოიკვეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების ფაქტობრივი გარემოებები და საფუძვლები, ხოლო სამეურვეო საბჭოს წევრთა მიერ გამოთქმულ შეფასებებს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი.

რაც შეეხება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, ის იქნება მიღებული მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ, გარედან ჩართული სხვა სტრუქტურების გარეშე, საქართველოს შრომის კანონმდებლობით და საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა რეგულაციებით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო მედიასტანდარტებთან", - აღნიშნულია განცხადებაში.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში