ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი ევროსტრუქტურებში, რათა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს ევროპის უსაფრთხოებისთვის - ბოჭორიშვილი სიიარტოს

24 მარტი 2025, 17:38 170 ნახვა

ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა და ამით ვამაყობთ, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ძალიან მალე გვექნება ეკონომიკური საბჭოს სხდომა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა გავაძლიეროთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები და გამოვავლინოთ ახალი შესაძლებლობები. რა თქმა უნდა, მაჩვენებლები კარგია, მაგრამ მათი გაუმჯობესებაც შეიძლება. ამ მიმართულებით ვიმუშავებთ და დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი შედეგები გვექნება მომდევნო წლებში ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესების კუთხით. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ჩვენს შემდგომ მთავრობათაშორის შეხვედრას ბუდაპეშტში, საქართველოს მთავრობა და უნგრეთის მთავრობა შეხვდებიან. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა იმაზე სასაუბროდ, რა შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის კონტექსტში. ეს ძალიან მკაფიო მაგალითია, როგორ უნდა თანამშრომლობდნენ ქვეყნები ერთმანეთთან და როგორ უნდა მუშაობდნენ ერთად, რათა გაძლიერდეს თანამშრომლობა.

 

კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ითამაშოს საკუთარი როლი შუა დერეფანში, ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ პროექტს სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით. აქ, უნგრეთში უნდა ვახსენო ჩვენი კარგი თანამშრომლობა, როდესაც საუბარია დაკავშირებადობაზე, თანამშრომლობაზე საქართველოს, უნგრეთს, რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. მნიშვნელოვანია ამ კუთხით ევროკომისიასთანაც მუშაობა და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ჩვენ ვთავაზობთ. ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი ევროსტრუქტურებში, რათა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს ევროპის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა კომენტარი გააკეთა ოკუპაციის საკითხზეც.

„მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო კვლავ დგას რუსეთის მხრიდან ოკუპაციის პრობლემის წინაშე ორ რეგიონში. ეს კვლავ გარკვეულ საფრთხეებს ქმნის და ჩვენ მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე ვმუშაობთ.

რაც შეეხება ევროპაში ინტეგრაციას, თქვენ ბრძანეთ, რომ მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი ეს გახლავთ. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, რომელსაც უზრუნველყოფთ ექსპერტული დახმარების კუთხით. მოუთმენლად ველოდები თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში