მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

27 მარტი 2025, 10:14 210 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.

„გენერალური მდივანი დაინტერესდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობითა და ბოლო განვითარებებით. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატისა და ეუთო-ს ჩართულობის, ისევე როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების  მნიშვნელობას, საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას, უსაფრთხოების მხრივ შექმნილ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებს. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო სამართლის პრინციპების აღსრულების აუცილებლობა მდგრადი სტაბილურობის მიღწევისა და რეგიონის შემდგომი განვითარებისთვის.

საუბარი შეეხო ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს ეუთო-ს ფარგლებში არსებული კონფლიქტების გადაჭრისა და მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა ორგანიზაციის სამივე განზომილებაში. მან ასევე დაადასტურა ქართული მხარის ერთგულება ორგანიზაციის პრინციპებისადმი და ხაზი გაუსვა მტკიცე მხარდაჭერას ეუთო-სა და მისი ავტონომიური ინსტიტუტებისადმი. ყურადღება გამახვილდა, მათ შორის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან საქართველოს ხანგრძლივ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა  საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, აქტიურად გააგრძელოს ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფის საკითხებზე.

დასასრულს მინისტრმა ეუთო-ს გენერალური მდივანი საქართველოში მოიწვია. თავის მხრივ, ფერიდუნ სინირლიოღლუმ განაცხადა, რომ პირველივე შესაძლებლობისას ეწვევა საქართველოს“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრსაც შეხვდა. მინისტრებმა მიმოიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის, რეგიონალური უსაფრთხოებისა და სხვა მიმდინარე აქტუალური საკითხები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში