დამშრალი არდაგანის ტბა და უწყებებში ''გაბნეული'' პასუხისმგებლობა

04 მაისი 2017, 00:00 14782 ნახვა

ბათუმში, ე.წ. მოცეკვავე შადრევანთან ტბა დამშრალია. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე ფეკალიების სუნია.

დანგრეულია ხიდი და დამშრალია წყალი ე.წ. ჩინური რესტორნის ირგვლივაც, რომლის გვერდითაც კაპიტალური, ქვის მშენებლობა მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შეეცადა გაერკვია რა შენდება ამ ტერიტორიაზე და როგორი იქნება სეზონის დასაწყისში ტურისტებისთვის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი. კონკრეტულად, რომელ უწყებას ეკუთვნის ტბის მოვლა-პატრონობა ბოლომდე გაურკვეველია.

ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ტერიტორი მათ ბალანზე არ არის და, შესაძლოა,  ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ბალანსზე იყო. რაც შეეხება უშუალოდ, მშენებლობას, რომელიც არდაგანის ტბის კუნძულზე მიმდინარეობს, თეკლა ჩიჩუას განცხადებით: "მერიამ გასცა ერთსართულიანი კაპიტალური შენობის მშენებლობაზე ნებართვა. განაცხადი შემოტანილი აქვს კომპანია "ოქროს ლომს" და ტერიტორიაზე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის, კაფე-ბარის აშენებას გეგმავს". მერიის პრესსამსახურში ვერ აკონკრეტებენ დარჩება თუ არა ჩინური რესტორნის შენობა და ხიდი.

როგორი სახე ექნება ტბას და მის ირგვლივ ინფრასტრუქტურას, ამის გასარკვევად ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს მივმართეთ. მისი ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ სააგენტოს ბალანსზე ეს ობიექტი არ არის. მათ არც მოვლა-პატრონობა ევალებათ და არც ცვლილებებზე აქვთ ინფორმაცია.

კიდევ ერთი უწყება, რომელიც ტბის მოვლა-პატრონობაზე შესაძლოა იყოს პასუხისმგებელი,ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაა. ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილის, გოჩა მჟავანაძის განცხადებით, არდაგანის ტბის მხოლოდ მიმდებარე ტერიტორია ეკუთვნის ბულვარს, მშენებლობებსა და კონცეფციაზე კი, მათ პასუხები არ აქვთ, რადგან ტბის კუნძული მათ ბალანსზე არ არის.  "ჩვენ გვეხება მიმდებარე ტერიტორია მხოლოდ, ამიტომ გუშინ გამოვაცხადეთ ტენდერი და ტბას 6000 კილოგრამი შლამისგან გავათავისუფლებთ. ეს შლამი უნდა იყოს ამოღებული ტბიდან და ნაგავსაყრელზე გადატანილი. გამარტივებული ტენდერია და 10 მაისს უნდა დასრულდეს, სამუშაოებისთვის 190 ათასამდე ლარია გამოყოფილი" - განაცხადა გოჩა მჟავანაძემ.

ვიდრე ტერიტორიიდან შლამის გატანა დაიწყება, ტბა უკვე დამშრალია. მოქალაქეები კი ტერიტორიაზე ფეკალური მასების არსებობაზე საუბრობენ. ჩადის თუ არა ამ ტბაში საკანალიზაციო მილები, ინფორმაცია შპს "ბათუმის წყალში" გადავამოწმეთ. კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, ტბაში ფეკალური მასები არ ჩადის, რაც შეეხება ტბის დაშრობას, ამბობენ რომ მშენებლობის ხელშეწყობის გამო წყლის დონე დაწიეს. "არდაგანის ტბაში სანიაღვრე არხებიდან ფეკალური მასები არ ჩაედინება. ყველა საკანალიზაციო მილი ქალაქის მასშტაბით იკრიბება ა და ბ სადგურში და იტუმბება ადლიაში გამწმენდ ნაგებობაში, მხოლოდ გაფილტვრის შემდეგ ჩაედინება იგი ზღვაში. რაც შეეხება ტბაში წყლის დონის დაწევას, მშენებლობას, რომ ხელი არ შეეშალოს ჯავახიშვილის გამსვლელი სანიაღვრე არხი სრულად ღიაა, რამაც გამოიწვია წყლის დონის დაწევა" _ განაცხადა "ბათუმის წყლის" პრესსამსახურის წარმომადგენელმა ელენე ნოღაიდელმა.

 

ფოტორეპორტაჟი: როინ გუნდაძე 

ამავე კატეგორიაში