ბათუმის მაგისტრალზე დილით მოძრაობა გადაკეტილი იყო - ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია

05 მაისი 2017, 00:00 7923 ნახვა

დღეს დილიდან ბათუმში შემოსასვლელი გზა ნაწილობრივ გადაკეტილია.  ქალაქამდე მოსასვლელი გზაზე რამდენიმე კილომეტრიანი საცობი შეიქმნა. 

მანქანების ჯაჭვი ჩაქვიდან იწყება და ბათუმამდე აღ​წევს.

სამარშუტო ტაქსები და მუნიციპალური ტრანსპორტი თამარის დასახლებიდან და მახინჯაურიდან  შემოვლითი გზით მოძრაობენ.  ცენტრალურ გზაზე საგზაო ნიშნების მონიშვნა მიმდინარეობს და  მაგისტრალზე გადაადგილება მხოლოდ ცალმხრივადაა შესაძლებელი.

დიდი ნაკადის გამო, ცალმხრივი გზა სრულად ჩაიკეტა თამარის დასახლებასთან, მოსახლეობის ნაწილი ფეხით წამოვიდა სამსახურში, ხოლო ნაწილმა გაარღვია ამკრძალავი ხაზი. ჩვენი კორესპონდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,  საპატრულო პოლიციამ არ აღკვეთა მოქალაქეების ქმედება, რადგან საცობში სასწრაფო დახმარების მანქანაც მოჰყვა.

ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტომ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. მათი თქმით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში, თამარის დასახლებასთან დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე მოძრაობა შეიზღუდება. საავტომობილო მიმოსვლა მხოლოდ ერთ სავალ ზოლზე იქნება შესაძლებელი. შეფერხების მიზეზად საგზაო ნიშნების მონიშვნა სახელდება.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში