როდის მიენიჭება ძველ ბათუმს ისტორიული ზონის სტატუსი?

09 მაისი 2017, 00:00 4154 ნახვა

ფოტო: საინიციატივო ჯგუფი "დაიცავი ძველი ბათუმი" 

"ძველი ბათუმისთვის ისტორიული ზონის მინიჭების მოთხოვნით, ბათუმის საკრებულოს წინადადებით უახლოეს ერთ თვეში მივმართავთ" - განცხადება, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა გააკეთა.

ძველი ბათუმისთვის "ისტორიული ზონის" მინიჭებას, რამდენიმე თვეა არასამთავრობო ორგანიზაცია "ბათომი" და საინიციატივო ჯგუფი "დაიცავი ძველი ბათუმი" ითხოვს.  ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ ძველი ბათუმის ტერიტორია, რეგულაციების არ არსებობის გამო, პრაქტიკულად განადგურებულია და ყოველდღიურად ხდება ქალაქის ამ ნაწილის მიზანმიმართული ნგრევა.

მათი განცხადებით, ქალაქის ძველი სახის სრულად განადგურების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, უმოკლეს დროში, კონკრეტულ ტერიტორია გამოცხადდეს ისტორიულ ზონად, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ამ ტერიტორიაზე რისი მშენებლობა შეიძლება და როგორ, რა ტიპის შენობების დემონტაჟია შესაძლებელი და ა.შ.

ქალაქის მერი ამბობს, რომ პროცესები დაჩქარებულად მიმდინარეობს. "ამ წუთებში მუშაობს არქიტექტურის სამსახური მთავრობის შესაბამის სამსახურთან ერთად და ვაზუსტებთ დეტალებს. როგორც იცით, კულტურის სამინისტრომ ისტორიულ-კულტურული ძეგლების საყრდენ გეგმა 2009 წელს გააკეთა, ამიტომ ბუნებრივია არის ცვლილებები ქალაქის გარკვეულ მონაკვეთებში, ჩვენ ახლა ვსწავლობთ ამ ცვლილებებს და  შენიშვნებს დავაფიქსირებთ. სხვა მხრივ, ეს დოკუმენტი  აბსოლუტურად მისაღებია ჩვენთვისაც და იმ ჯგუფისთვისაც ვინც ზონის გამოცხადებას ითხოვს.  დიდი ალბათობით,  სადღაც ერთი თვის განმავლობაში, შეიძლება უფრო ადრეც შევალთ ზონის დამტკიცების მოთხოვნით ბათუმის საკრებულოში" - განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.  

საინიციატივო ჯგუფი "დაიცავი ძველი ბათუმის" წევრები რამდენჯერმე შეხვდნენ ქალაქის მერს და 2009 წელს, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ, ისტორიულ-კულტურული ძეგლების საყრდენ გეგმაზე დაყრდნობით, " ისტორიული ზონის" მიღება მოსთხოვეს.

ბოლო შეხვედრა 10 მარტს გაიმართა, სადაც ქალაქის მერმა პირობა დადო, რომ უახლოეს პერიოდში მოხდებოდა ტერიტორიის ისტორიულ ზონად გამოცხადდება. 

ამავე კატეგორიაში