ტყიბულის შახტაში ჩავარდნილი მუშების გარდაცვალება დასტურდება

09 მაისი 2017, 00:00 2965 ნახვა

ტყიბულში შახტაში ჩავარდნილი მუშების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დასტურდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული  ინფორმაციით, სამი გარდაცვლილი მუშის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა ტყიბულის მაჟორიტარობის დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ.  პირველი არხის ცნობით, მაშველები ცდილობენ შახტაში ჩასვლას, თუმცა შახტა 300 მეტრით ქვემოთაა.

ტყიბულში მომხდარ ფაქტზე წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გრიგოლ გოგელიაც. მისი ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში 400 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდნილი ოთხივე მუშა გარდაიცვალა. "ოთხი ადამიანი გამოგვაკლდა.  ოთხი ოჯახი გლოვობს. ოთხასმა ადამიანმა დაკარგა ახლობელი, მეგობარი, მეუღლე, მამა, ძმა, საყვარელი მეზობელი. ოთხი ოჯახი შესაძლოა ლუკმაპურის გარეშე დარჩეს. ოთხი ისტორია დასრულდა ტრაგიკულად, ათი ამდენის გრძელდება ტრაგიკულად. იჯდე დღეს პარლამენტში და არაფერი ქნა ამის შესაცვლელად, ნიშნავს იყო სერიულ მკვლელობათა განზრახ მონაწილე. ​საშინლად ვწუხვარ" - წერს სოციალურ ქსელში გოგელია. 

შახტაში ჩავარდნილი მუშების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება. კვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმოს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან, როგორც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე სამართალდამცველები. დამატებითი სამთო მაშველთა ჯგუფი უკვე გაემგზავრა ტყიბულის მიმართულებით.

ამავე კატეგორიაში