მთავრობის სახლთან გარემოვაჭრეების აქცია დაიშალა

22 მაისი 2017, 00:00 2183 ნახვა

„საზღვაო სადგურის ტერიტორიაზე სუვენირებით მოვაჭრეებს, სავარაუდოდ, მთავრობის წარმომადგენლები შეხვდებიან“, - აჭარის მთავრობის წინ შეკრებილი გარემოვაჭრეები ამ პირობით დაიშალნენ.

აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი შეხვდა. კახა შაშიკაძე ამბობს, რომ საქმის დეტალებს შეისწავლიან და საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდებიან.

გარემოვაჭრეები, რომელთა კუსტარულად დამზადებული ჯიხურები ბათუმის მერიამ გუშინ, გვიან ღამით აიღო, აცხადებენ, რომ ალტერნატიულად შეთავაზებული ჯიხურების რაოდენობა მათთვის მიუღებელია. მერია მათ ახალი დიზაინის 25 ჯიხურს სთავაზობს, ისინი კი 60-მდე არიან. მოვაჭრეები, ასევე, ითხოვენ, რომ მერიამ მათ საკუთარი ხარჯებით ანალოგიური ჯიხურების დამზადებისა და ტერიტორიაზე მათი ჩადგმის უფლება მისცეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, თუ მთავრობის წარმომადგენლები მათ ხვალამდე არ შეხვდებიან, აქციებს განაახლებენ.

ამავე კატეგორიაში