გიორგი ერმაკოვი: მუსლიმი თემის მხრიდან დროებითი სალოცავი კონსტრუქციის მოწყობა კანონიერია

26 მაისი 2017, 00:00 4932 ნახვა

ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ამბობს, რომ დროებითი კონსტრუქცია, რომელიც მუსლიმმა თემმა სალოცავად იმ ადგილზე ააგო, სადაც მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვა არ გასცა მერიამ, კანონიერია. 

მერის განცხადებით, დროებით კონსტრუქციებს ნებართვები არ სჭირდება და მუსლიმებს, თუ სურვილი აქვთ, შეუძლიათ იქ ილოცონ -  განცხადება ქალაქის მერმა ჟურნალისტებთან გააკეთა. 

მუსლიმებმა, ბათუმში, ორი დღის წინ, მათ მიერ შეძენილ მიწაზე, სადაც მეჩეთის მშენებლობას ითხოვენ, სალოცავად დროებითი სცენა მოაწყვეს. 

"ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის" წარმომადგენლების განცხადებით, ხის კონსტრუქციაზე 3000 მდე მლოცველი დაეტევა.  საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ ყოველ პარასკევს, ღია ცის ქვეშ, ჯუმა ლოცვას მანამ აღავლენენ, ვიდრე ბათუმში მეჩეთი არ აშენდება. 

მუსლიმმა თემა გენერალ აბაშიძის 49 ნომერში 3000 მდე კვ/მ  მიწა 400 000 დოლარის ექვივალენტი ლარში შეიძინა.  

"ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის" მიზანია ტერიტორიაზე მეჩეთი აიგოს, რომლის ღირებულება, მათი თქმით  3 დან 5 მილიონამდეა. საინიციატივო ჯგუფმა მშენებლობის ნებართვისთვის მერიას მიმართა, თუმცა  მშენებლობის ნებართვაზე უარი მიიღო. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში