შუახევში წუმპოს მთა ჩამოიშალა, საფრთხეშია 20-მდე ოჯახი

29 მაისი 2017, 00:00 4568 ნახვა

დილიდან გარესამყაროსაა მოწყვეტილი შუახევში სოფელ კობალთაში მცხოვრები 20 - მდე ოჯახი. ადგილობრივების ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლებიდან 30 მეტრში, დილით ცხრა საათზე, წუმპოს მთა ჩამოიშალა, რის გამოც სოფელს საფრთხე ემუქრება.

დაშავებულები არ არიან. 

მათივე ინფორმაციით, 10 დღის წინ, ეს ტერიტორია ​გეოლოგებმა შეისწავლეს. მათი დასკვნის საფუძველზე  კი დადგინდა, რომ ტერიტორია ცხოვრებისთვის საფრთხის შემცველია. მოსახლეობის ინფორმაციით აღნიშნულ ტერიტორიაზე მცირე მეწყრული კერები გასულ წლებშიც განვითარდა.

განახლებული - 15 საათი:

სოფელ კობალთაში განვითარებული მეწყრული პროცესის გამო, რამდენიმე ოჯახი  ამ დრომდე გარე  სამყაროსაა მოწყვეტილი. ნაწილი კი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა  ალტერნატიულ ადგილას გადაიყავანა.

ადგილზე გეოლოგებს დღეს ელოდებიან. მანამდე კი მიწის მასისგან ტერიტორიის გაწმენდა ვერ ხერხდება. შემთხვევის ადგილას ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება.



განახლებული - 18 საათი

ამ დრომდე  ვერ ხერხდება მეწყრული პროცესების შეჩერება შუახევში, შუბნის თემში.  დილიდან გარესამყაროსაა მოწყვეტილი  სოფელ კობალთაში მცხოვრები 20 ოჯახი. საცხოვრებელი სახლებიდან 30 მეტრში, დილით წუმპოს მთა ჩამოიშალა.  მეწყერმა სკოლასთან მისასვლელი გზაც ჩაკეტა, რის გამოც სასწავლო პროცესი ჩაიშალა. კობალთაში მცხოვრებ 10-მდე ოჯახს წყალი არ მიეწოდება. ორი  ოჯახი ტერიტორიიდან გაიყვანეს. შუახევის გამგებლის ინფორმაციით, აღნიშნულ ორ ოჯახს ეკომიგრანტებისთვის განკუთვნილი 25 000 ლარიანი დახმარებაც მიღებული აქვთ და საშიში ზონიდან ერთხელ უკვე გაასახლეს. როდის აღდგება სოფელ კობალთასთან დამაკავშირებელი გზა, შემთხვევის სირთულიდან გამომდინარე, ჯერჯერობით უცნობია. მუნიციპალიტეტში ამბობენ,  რომ უახლოეს დღეებში ალტერნატიული გზის მოწყობაზე უნდა იზრუნონ. 
 

 

 

 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში