სახალხო დამცველი: სახელმწიფო კვლავაც ვერ ახერხებს შშმ პირთა უფლებების სათანადოდ რეალიზებას

14 ივნისი 2017, 00:00 3239 ნახვა

სახალხო დამცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში, იმ პრობლემებსა და გამოწვევებზეა საუბარი, რომელსაც შშმ პირები საქართველოში აწყდებიან. 
„14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ეროვნული დღე უკვე მრავალი წელია აღინიშნება, თუმცა ყოველ ჯერზე ამ პირთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებსა და გამოწვევებზე გვიხდება საუბარი. მიუხედავად გარკვეული პოზიტიური ნაბიჯებისა, სახელმწიფო კვლავაც ვერ ახერხებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სათანადოდ რეალიზებას და მათთვის დამოუკიდებელი ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობების შექმნას“,-აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მთავარი აქცენტს, უჩა ნანუაშვილი, კანონმდებლობაზე აკეთებს და დასძენს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს რეგულაციების აღსრულების მიმართულებით.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის ძალაში შესვლიდან 3 წლის თავზე კვლავაც გამოწვევას წარმოადგენს კონვენციის იმპლემენტაციის ქმედითი მექანიზმის შექმნა, რაც აბრკოლებს განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებების კოორდინირებულ და ეფექტურ საქმიანობას. დღის წესრიგში დგას კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების საკითხიც. 

მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტთან, საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე და შესაძლებლობებზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი სერვისებითა და პროგრამებით უზრუნველყოფა, გარემოს, ინფორმაციის, განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და ეფექტური მონაწილეობის მხარდაჭერა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დაუყოვნებელ მოგვარებას საჭიროებს“,-ნათქვამია განცხადებაში.

პრობლემების მთავრ მიზეზად კი, სახალხო დამცველის განცხადებაში, მოყვანილია ორი ფაქტორი-სოციალური მოდელის დანერგვის პროცესის შეფერხება და საჭირო სტატისტიკის არ არსებობა. 
„სამწუხაროდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭება კვლავ ინდივიდის სამედიცინო დიაგნოზს ეფუძნება. ამასთან, არ ხდება ამ პირთა შესახებ სტატისტიკის წარმოება და ანალიზი, რაც უზრუნველყოფდა კონვენციის ეფექტური იმპლემენტაციისთვის აუცილებელი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას, ასევე, პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელებისას საჭიროებებზე დაფუძნებული მიდგომების დამკვიდრებას“,-აღნიშნავს სახალხო დამცველი.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც აქცენტი კეთდება, შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციას ეხება, მათ შორის, საჯარო, ისე კერძო სექტორში.

„სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის/დისკრიმინაციის ხელშეწყობის არაერთი ფაქტი დაადგინა. აღნიშნული ცხადყოფს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში ექვემდებარებიან გაუმართლებელ, განსხვავებულ მოპყრობას, რაც, უმეტეს შემთხვევაში, მათ ღირსებას ლახავს“,-ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, მეტი ძალისხმევა მიმართოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ შესახებ გაეროს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ, გააძლიეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პროგრესულად რეალიზებისკენ მიმართული პოზიტიური ღონისძიებები და ხელი შუწყოს მათ დამოუკიდებლობას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადეკვატურ ჩართულობას.

ამავე კატეგორიაში