პროკურატურის შეთავაზება 11-12 მარტის მოვლენებისას დაკავებულებს

15 ივნისი 2017, 00:00 3709 ნახვა

2 წელი პატიმრობა  და 3 წელი პირობითი სასჯელი - 11- 12 მარტის მოვლენებისას დაკავებულთა ადვოკატი ამბობს, რომ ეს შეთავაზება დღეს პროკურატურაში მიიღეს. ოჯახის წევრების  განცხადებით, ეს წინადადება მათთვის მიუღებელია, რადგან დაკავებულები უდანაშაულოები არიან და უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ. 

'' პროკურატურა თანახმაა საპროცესო შეთანხმებაზე შემდეგი პირობით: 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და და სამი წელი პირობითი მსჯავრი  ჯარიმის გადახდის გარეშე. ჩვენ ვართ წინააღმდეგი"-  აცხადებს ადვოკატი თენგიზ კახიძე.

"ჩვენ წინააღმდეგი ვართ შემოთავაზებული პირობების, რადგან საქმე არ არის იმდენად მყარი და არ არის ისეთი  მტკიცებულება, რომ ამ პირობებზე დათანხმდეს ბრალდებულები. ქვეყანაში შერჩევითი სამართალია. მაშინ როცა რეპერებს, რომლებსაც უვადო პატიმრობა ემუქრებათ,  იმის გამო ათავისუფლებენ, რომ ბერა ივანიშვილმა დარეკა,  მათ  ვისაც 5-6 წელი პატიმრობა ემუქრება გირაოს სანაცვლოდაც კი არ ათავისუფლებენ და ტოვებენ  პატიმრობაში" - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა.

პროკურორთან შეხვედრის მოთხოვნით დაკავებულთა ახლობლები იუსტიციის სახლთან დღეს დილით შეიკრიბნენ. ადვოკატ თენგის კახიძის განცხადებით,  მათ აინტერესებდათ, თუ რას ფიქრობენ პროკურატურის წარმომადგენლები სასამართლო პროცესზე და შეიძლება თუ არა დაკავებული პირების საპროცესო შეთანხმების საფუძველზე  გათავისუფლება.

11-12 მარტის მოვლენებისას დაკავებულ 9 პირს გამოძიება მასობრივ არეულობაში მონაწილეობასა და პოლიციისთვის  წინააღმდეგობის გაწევას ედავება, რაც 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში