ბაირამის დღესასწაული - მუსლიმების ლოცვა ქუჩაში, სადაც ახალი მეჩეთის აგებას ითხოვენ

25 ივნისი 2017, 00:00 8565 ნახვა

ბათუმში, რამაზან ბაირამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუსლიმმა მრევლმა, იმ ადგილზე, სადაც ახალი მეჩეთის აგებას ითხოვენ, გენერალ ასლან აბაშიძის #49, ლოცვა აღავლინეს. კუსტარულ სამლოცველო კონსტრუქციაზე სადღესასწაულო ლოცვა დილის 6 საათზე შესრულდა.

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის, ტარიელ ნაკაიძის თქმით, ახალი მეჩეთი, რომლისთვისაც ადგილი უკვე შეირჩა, მეჩეთი  მაინც აშენდება, რადგან  მისივე განცხადებით მთავარ მეჩეთში  საკმარისი სივრცე არ არის და მრევლი ქუჩაში ლოცულობს.

პარალელურად ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაული - რამაზან ბაირამი, ბათუმის ცენტრალურ ჯამშეში, "ორთაჯამეშიც" შესრულდა

მრევლის ნაწილი შენობაში, ნაწილი კი ქუთაისის ქუჩაზე ლოცულობდა. 

მუსლიმებს ბაირამი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მიულოცა. მთავრობა მრევლისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულის - რამაზან ბაირამის მისალოცად ბათუმის ორთაჯამში მივიდა.  

ზურაბ პატარაძემ მილოცვისას ხაზი გაუსვა ქართველი მუსილმანების როლს ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში. მისი თქმით, განსაკუთრებით ბევრი სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანი ახსოვს ისტორიას აჭარიდან. 

,,ჩვენს დებს, ჩვენს ძმებს, მინდა მივულოცო ბაირამის დადგომა. მინდა ვუსურვო მშვიდობა, წარმატებები, განვითარება, სიკეთე, სიყვარული, ოჯახის სიმტკიცე. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნის სიძლიერისთვის ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე ერთად გვეკეთებინოს. ერთი თვის განმავლობაში არაერთი იფთარი, არაერთი შეხვედრა გავმართეთ და დღეს, ყველა ერთად ვზეიმობთ ბაირამის დადგომას“-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

მიპატიჟების მიუხედავად, მთვარობის წევრები არ მისულან გენერალ ასლან აბაშიძის 49 ნომერში. ​პატარაძემ ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითზე კომენტარი არ გააკეთა. 

ბაირამი მოძრავი დღესასწაულია და მას ისლამური სამყარო წელს 25 ივნისს აღნიშნავს. 30 დღიანი მარხვის შემდეგ დღესასწაული სამი დღე გაგრძელდება, მორწმუნეები წინაპრების საფლავებზე გადიან. 

 

ამავე კატეგორიაში