რამდენი ქულა დააკლდება მძღოლს, რომელიც  ქვეითს გზას არ დაუთმობს

30 ივნისი 2017, 00:00 8790 ნახვა

თუ მძღოლი ქვეითთა  გადასასვლელზე  ქვეითს    გზას  არ დაუთმობს,  მას მართვის  მოწმობაზე  დარიცხული 100 ქულიდან   5  ჩამოეჭრება. 
ქვეითებთან  მიმართებით,  საგზაო მოძრაობის წესების განმეორებით დამრღვევი  მძღოლი  კი 10  ქულას  დაკარგავს.  
მძღოლის  მიერ ქვეითებთან მიმართებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა - 20  ქულის ჩამოჭრას გამოიწვევს. 

30 ქულაა გათვალისწინებული   საგზაო  მოძრაობის  წესების დარღვევისას,  თუ მას ადამიანის სხეულის მსუბუქი  დაზიანება მოჰყვა.  

საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილებები ხვალიდან ამოქმედდება. 1 ივლისიდან ძალაში მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა შედის. 

შეგახსენებთ, წელს აჭარაში 5 თვეში (იანვრიდან  მაისამდე) ქვეითზე შეჯახების 56 ავტოსაგზაო შემთხვევაა  რეგისტრირებული.  ეს რიცხვი ივნისში კიდევ უფრო გაიზარდა.  ქვეითზე შეჯახების   რამდენიმე  ფაქტი აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც დააფიქსირა.  მათ შორის  4  ფატალური შედეგით   დასრულდა.

ოთხი  დღის წინ ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 9 წლის მოზარდი დაიღუპა. ის ქვეითთა გადასასვლელით სარგებლობდა. დღეს დილით კი 23 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელიც ასევე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ათი დღის  წინ  დაშავდა.  ბოლო ორ თვეში ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთსა და იმავე მონაკვეთზე ავტომობილის შეჯახების შედეგად  ქვეითის გარდაცვალების  სამი შემთხვევაა დაფიქსირებული.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში