“რადიო თავისუფლების” პროექტები, რომლებთანაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა დირექტორმა კონტრაქტი აღარ გააგრძელა, შესაძლოა აჭარის ტელევიზიის ეთერში გავიდეს. საუბარია გოგი გვახარიას “წითელ ზონასა” და სალომე ასათიანის “ინტერVIEW”-ზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის “აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” დირექტორი ნათია კაპანაძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა, ჯერ “რადიო თავისუფლებასა” და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის ურთიერთვალდებულებები უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც პროცესი გაგრძელდება.
წარმატებით დასრულების შემთხვევაში გადაცემები სატელევიზიო ბადეში სავარაუდოდ სექტემბრიდან ჩაეშვება. ნათია კაპანაძე ამბობს, რომ გადაცემები მაუწყებლის ბიუჯეტით ან დონორებთან თანამშრომლობით დაფინანსდება. “რადიო თავისუფლების” თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი, მარინა ვაშაყმაძე მოლაპარაკებებს ადასტურებს და აჭარის ტელევიზიას მომავალში პარტნიორად განიხილავს, ისიც განმარტავს, რომ ჯერ კიდევ არსებობს ვალდებულებები საზოგადოებრივ მაუწყებელთან.