ჩახერგილი ველობილიკები და შეფერხებული სამუშაოები

25 ივლისი 2017, 00:00 4196 ნახვა

ფოტო ბათუმში 26 მაისის ქუჩაზეა გადაღებული. ჩანს, რომ ავტომობილი არაპარკირების ზონაში, ველობილიკზეა გაჩერებული. უფრო მეტიც,  აღნიშნულის გამო სპეციალისტებმა  ბილიკის გარკვეული მონაკვეთის შეღებვა  ვერ მოახერხეს. მოქალაქეები კანონს არღვევენ, რის გამოც  ხშირად სამუშაოები ბოლომდე ვერ სრულდება.

ფოტო 2 მაისს არის გადაღებული

რა ხდება ამ კუთხით ზღვიპირა ქალაქში და ვინ აკონტროლებს სიტუაციას.

ბათუმის მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ პრობლემა განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზეა.  მძღოლები ავტომობილებს ხშირად საფეხმავლო და ველო ბილიკებზე აჩერებენ. მაკონტროლებლები მათ აჯარიმებენ, თუმცა ამით ზოგადი სიტუაცია და დამოკიდებულება არ იცვლება.

„ამაზრზენი დამოკიდებულებაა. შეგნების ამბავია. არასდროს, მაშინც კი როცა აღნიშნულ თანამდებობაზე არ ვმუშაობდი მანქანა ტროტუარზე არ გამიჩერებია. შეძლებისდაგვარად მანქანა ევაკუატორით გადაგვყავს, მაგრამ ზაფხულში საცობებია და ყველა ქუჩაზე სპეციალური ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება. სადაც ამას ვერ ვახერხებთ ვაჯარიმებთ. თანხა 10 ლარია,  უსუსური ჯარიმაა“ - ამბობს გიორგი ჩხეიძე.

უწყების წარმომადგენელი ადმინისტირების კუთხით ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს. „ბევრი პრობლემაა, რომელიც ჩვენ ხელს გვიშლის სრულ ადმინისტრირებაში“ - განმარტავს  ბათუმის მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს დირექტორი.

რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს გიორგი ჩხეიძის განმარტებით, 26 მაისის ქუჩაზე აღნიშნულ ბილიკს საღამოს ღებავდნენ, რის გამოც ევაკუატორის გამოძახება და  ავტომობილის გაყვანა ვერ მოხერხდა. მისივე თქმით მონაკვეთს უახლოეს დღეებში სრულად მოაწესრიგებენ.  

ფოტო: ირინე წუწუნავა

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში