სპორტი მთავარში

28 ივლისი 2017, 00:00 2487 ნახვა

ბათუმის  სასპორტო სკოლაში დღეს დასრულდა  საერთაშორისო ტურნირი ჭადრაკში  - "ბათუმი 2017" აღნიშნულ ფესტივალს 100 მდე მოჭადრაკე ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან,რუსეთიდან და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან სტუმრობდნენ. გამარჯვებულები თასებით, მედლებით ,სიგელებითა და ფულადი ჯილდოთი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და მსაჯებმა დააჯილდოვეს.

ხვალ ბათუმში ქვიშის რაგბის ფესტივალი სტარტს მეათედ აიღებს.  მე-10 საიუბილეო ტურნირი რაგბი არენაზე იმართება და მასში საქართველოდან, ბრიტანეთიდან და რუსეთიდან 8 კაცთა და 4 ქალთა გუნდი მონაწილეობს. შეჯიბრი  ოფიციალურად14 საათზე დაიწყება.  პლეიოფები და ფინალური მატჩები კვირას გაიმართება. შარშანდელი ტურნირის ტრიუმფატორი ბათუმის „მეკობრეები“ გახდა, ბათუმელებმა ფინალში რუსეთის ნაკრებს სძლიეს.

დღეს "რაგბი არენაზე" საქართველოს რაგბის კავშირის წევრები  და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.  ერთობლივი გადაწყვეტილებით აჭარის ქვიშის რაგბის კავშირი ჩამოყალიბდა, პრეზიდენტად კახაბერ კოტრიკაზე აირჩიეს, ვიცე პრეზიდენტებად: მინდია ღლონტი, მამუკა, სალუქვაძე და მინდია უნგიაძე დასახელდნენ. შეხვედრაზე სამომავლო გეგმები, დაფინანსების წყაროები და რეგიონში ქვიშის რაგბის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

დღეს სარაევოში მიმდინარე ჭიდაობის ევროპირველობაზე ასპარეზობაში ჭაბუკი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებნენ. საქართველოს სახელით ნახევარფინალში დიმიტრი ხაჩიძემ (42), აკაკი ოსიაშვილმა (50) და გიორგი შოთაძემ (58)  იასპარეზეს, სამწუხაროდ ხაჩიძე ფინალში გასასვლელ შეხვედრაში დამარცხდა და მხოლოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა აკაკი ოსიაშვილმაც 50 კგ წონით კატეგორიაში. 58 კგ ში კი გიორგი შოთაძემ ფინალში იასპარეზა და თურქ მუსტაფა ილდირიმს მოუგო. ორი ბრინჯაო და ერთი ოქრო ასეთია ჯერჯერობით ჩვენი ბიჭების მონაგარი. ქართველი მოჭიდავეები სარაევოში ხვალაც გამოვლენ ხალიჩაზე ჩვენ მათ წარმატებებს ვუსურვებთ. 

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში კი დღეს მე -20 ტური დაიწყო, სამტრედიაში ადგილობრივმა სამტრედიამ საჩხერის ჩიხურა დაამარცხა ანგარიშით 3-0,  მასპინძლები მე -4 წუთზე დავით რაჟამაშვილის გოლით დაწინაურდნენ, მეორე ტაიმში კი 58-ე და 61 წუთებზე სამტრედიელთა თავდამსხმელმა ნიკა საბანაძემ შეძლო დუბლის გაფორმება. მე-20 ტური ხვალ და ზეგ გაგრძელდება - ლოკომოტივი თბილისურ დერბიში დინამოს უმასპინძლებს. ფოთის კოლხეთი - საბურთალოს. კვირას კი ბათუმის დინამო გორის დილას ესტუმრება და ბათუმის რაგბი არენაზე ქობულეთის შუქურა ქუთაისის ტორპედოს შეხვდება.

საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ბ დივიზიონში პირველივე შეხვედრა დათმო. ტალინში ქართველმა კალათბურთელებმა ვერაფერი დაუპირისპირეს ისლანდიის ნაკრებს და ანგარიშით 92-79 დამარცხდნენ. ევროპირველობის პლეი ოფში ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გადის.  ჩვენი მეტოქეები არიან ისლანდია, უნგრეთი, ბელარუსი, ბულგარეთი და ხორვატია. შემდეგ მატჩში, 29 ივლისს საქართველოს ნაკრების კალათბურთელები ბელორუსს თანატოლებს გაეჯიბრებიან.

ამავე კატეგორიაში