''სამკურნალო წყლის ბიზნესი'' აჭარის მაღალმთიანეთში

29 ივლისი 2017, 00:00 20707 ნახვა

იხდიან თუ არა მოქალაქეები ფულს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულში არსებულ სამკურნალო წყლებში?აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა. ის ირწმუნება, რომ სოფლის მკვიდრები წყლის სანაცვლოდ თანხას ითხოვენ.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბობს, რომ  გარკვეული პირები სავარაუდოდ „თვითნებობენ“. „ვიღაც ამ ყველაფრით ბოროტად სარგებლობს, მსგავს ფაქტებს ვგმობ. უხერხულია ადამიანმა ამხელა გზა გამოიაროს, წყლის წასაღებად მოვიდეს და მას ფული გამოართვა“ - ამბობს ტარიელ ებრალიძე. მისი თქმით  შესაბამის სამსახურებს ფაქტის გადამოწმებაც დაავალა.

თუ ადგილობრივებს დავუჯერებთ აღნიშნული წყალი დიაბეტს კურნავს და მას განსაკუთრებით სასარგებლო თვისებები აქვს. 

 შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბობს, რომ წყლის დადებითი და უარყოფითი თვისებების დადგენას უახლოეს პერიოდში გეგმავენ. „ლაბორატორიული კვლევები ჯერ არ ჩატარებულა, პროფესიონალების დასკვნაა საჭირო, აუცილებელია მოსახლეობამ სამკურნალო წყლის  ჩვენება და უკუჩვენებაც ზუსტად იცოდეს “.

„წყალს არავინ ყიდის, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. ამ წუთებში აქ ბევრი ხალხია. წყალი ძალიან ცოტა მოდის, თითო მოქალაქე 5 ლიტრს ავსებს. თანხა გადასახდელი არავის აქვს. თუ ვინმე აქ მომსახურე პერსონალს საზამთროს ან სიგარეტის ფულს აჩუქებს  ეს სხვა საქმეა“ - ამბობს სოფელ ბუთურაულის რწმუნებული.მისივე ინფორმაციით სოფლიდან წაღებულ წყალს ავტოსადგურში, ასევე  ქობულეთისა და ჩაქვში სანაპირო ზოლში ყიდიან. „ბუთურაულის სახელი აწერია, თუმცა რა წყალია არავინ იცის, ამ საკითხით მთავრობის წევრები უნდა დაინტერესდნენ“ - ამბობს ამირან მახაჭაძე.

სამკურნალო წყალი სოფელში დაახლოებით წელიწადნახევრის წინ აღმოაჩინეს. ბოლო რამდენიმე თვეა კი წყაროსთან მოსახლეობის რიგია. როგორც ადგილობრივები ამბობენ დიაბეტის გარდა წყალი კუჭნაწლავის პრობლემებსაც მკურნალობს.

რწმუნებული ირწმუნება, რომ მოსახლეობის 60%-მა, რომლებმაც  ეს წყალი გამოიყენეს დიაბეტი დაამარცხეს.

 

 

 

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში