87 არასრულწლოვანი დაიღუპა, 2 ათას 337 კი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად   2013-2017 წლებში 

01 აგვისტო 2017, 00:00 3681 ნახვა

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 87 არასრულწლოვანი დაიღუპა, 2 ათას 337 კი დაშავდა.  ასეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულ და დაშავებულ ბავშვთა სტატისტიკა. 
2017 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით 13 მოზარდი გარდაიცვალა, 437 კი დაშავდა. 

ბოლო ხუთი წლის სტატისტიკური მონაცემები კი ასეთია:

ხშირია შემთხვევები, როცა მოქალაქეები ქვეითთა გადასასვლელებით არ სარგებლობენ. საავტომობილო გზის ისეთ მონაკვეთზე გადაადგილდებიან, სადაც ქუჩის გადაკვეთა აკრძალულია. თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ხშირად გადაჭარბებული სიჩქარე და მძღოლის დაუდევრობაცაა.  

27 ივნისს ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.  თამარ მეფის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი 9 წლის ბიჭს დაეჯახა. მედიკოსთა ბრიგადას მოზარდი შემთხვევის ადგილას გარდაცვლილი დახვდა. 

9 ივლისს ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე არასრულწლოვან ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. 16 წლის გოგონა რეანიმაციულ განყოფილებაში ქალა ტვინის დახურული ტრავმით  მოათავსეს. 

13 ივლისს ოთხი  მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი დაშავდა ავარიის დროს.  შეკვეთილში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. იმავე დღეს, რამდენიმე საათიან ინტერვალში კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ერთი ბავშვი დაშავდა.

რამდენიმე კვირის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილი  12 წლის ბიჭს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, არასრულწლოვანი ქვეითთა გადასასვლელზე არ გადადიოდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანა. 

24 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა შუახევში. სოფელ შუბანში ავტომობილი გზიდან გადავარდა. 6 მგზავრი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი იყო.

მართვის მოწმობის 100  ქულიანი სისტემა ერთი თვეა ძალაშია. პოლიტიკის გამკაცრების შემდეგ როგორი იქნება სტატისტიკა,  ცნობილი წლის ბოლოს გახდება, როცა უწყება მონაცემებს კიდევ ერთხელ შეაჯამებს. 

 

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში