სპორტი მთავარში

14 აგვისტო 2017, 00:00 1943 ნახვა

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში, პარასკევს, 85-ე წუთზე შეწყვეტილი - თბილისის ლოკომოტივისა და ქუთაისის ტორპედოს მატჩით დასრულდა დღეს გათამაშების 22-ე ტური, დარჩენილი 5 წუთი გუნდებმა გატანილი გოლების გარეშე ჩაამთავრეს. შედეგად ლოკომოტივმა მატჩის შეწყვეტამდე,  ირაკლი სიხარულიძის  მიერ გატანილი დუბლის წყალობით გაიმარჯვა. რაც შეეხება სხვა მატჩებს; გუშინ ბათუმის დინამო სტუმრად საჩხერის ჩიხურასთან დამარცხდა 2;1. ქობულეთის შუქურამ კი ელიგაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. გიორგი შაშიაშვიის გუნდმა რაგბი არენაზე ფოთის კოლხეთს ანგარიშით 3;2 სძლია და შეიძლება ითქვას რომ გადარჩენისთვის ბრძოლაში შანსები შეინარჩუნა. ეროვნული ლიგის მომდევნო -23-ე ტური პარასკევს, ბათუმის დინამოსა და ქობულეთის შუქურას დაპირისპირებით განახლდება.

ესპანეთის სუპერ თასის ფინალში 3 წლიანი პაუზის შემდეგ ელ-კლასიკო დაბრუნდა, ორ მატჩიანი დაპირისპირების პირველ შეხვედრაში კატალონიის ბარსელონა საკუთარ მოედანზე დამარცხდა მადრიდის რეალთან. 50-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში პიკემ ჩაჭრა, 77-ზე სუარესის წაქცევისთვის დანიშნული საეჭვო 11 მეტრიანის რეალიზება მესიმ მოახერხა და ანგარიში გათანაბრდა. თუმცა შეცვლაზე შემოსულმა კრისტიანო რონალდომ მადრიდელები ისევ წინ გაიყვანა.გოლის გატანიდან 2 წუთში რონალდო მატჩის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან გააძევა. პორტუგალიელმა დროის მცირე მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო - ერთი მაისური გახდისთვის და მეორე სიმულაციისთვის, შემდეგ მსაჯს ხელიც კრა და ამ საქციელისთვის შესაძლოა სერიოზულად დაისაჯოს. წერტილი კი ამ მატჩში ასევე შეცვლაზე შემოსულმა მარკო ასენსიომ დასვა. საბოლოო ჯამში 1:3. სუპერ თასის განმეორებითი მატჩი 16 აგვისტოს უკვე სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება.

არანაკლებ დრამატული და უხვგოლიანი გამოდგა ტურინის იუვენტუსისა და რომის ლაციოს ფინალური მატჩი იტალიის სუპერთასზე. რომაელები ჩირო იმობილეს დუბლით 85 წუთამდე იგებდნენ შეხვედრას, მაგრამ 5 წუთიანი ინტერვალში პაოლო დიბალამ ჯერ საჯარიმოდან გაიტანა, შემდეგ კი 11 მეტრიანი გარდასახა გოლად. თუმცა დამატებით დრომდე საქმე მაინც არ მივიდა, 93-წუთზე, ალესანდრო მურჯას გოლმა რომის ლაციოს ისტორიაში მეოთხე სუპერკოპა მოუტანა.  რომაელებმა ეს ტიტული ბოლოს 2009 წელს მოიგეს.

დღეს საქართველოს კადეტ ძიუდოისტთა ნაკრები - მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ჩილეს ქალაქ სანტიაგოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის - იტალიასთან და ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტ იაპონიასთან მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვებების შემდეგ, ქართველი ძიუდოისტები ნახევარფინალში სამწუხაროდ რუსეთის ნაკრებთან დამარცხდნენ რომელიც საბოლოო ჯამში გუნდური შეჯიბრის გამარჯვებული გახდა. ძიუდოს ისტორიაში პირველად შეჯიბრი შერეულ გუნდებს, ანუ ვაჟთა და გოგონათა გაერთიანებულ გუნდებს შორის ჩატარდა. რაც შეეხება ინდივიდუალურ ასპარეზობას სულ საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი აიღო. 73კგ წონით კატეგორიის ტრიუმფატორი ლაშა ბექაური გახდა, 55-ში ვერცხლის მედალს ლუკა კაპანაძე დაეუფლა. აღსანიშნავია ქართველი გოგონების კარგი გამოსვლაც -70 კგ-ში სოფიო სომხიშვილს პოდიუმის უმაღლეს საფეხურამდე მცირედი დააკლდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა, მარიამ ჭანტურიამ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებისა და რუსული ენისეი-სტმ-ის მორაგბე დავით კაჭარავა რუსეთის თასის ფინალში ორი ლელოთი გამოირჩა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. მატჩის პირველი ლელო სწორედ ქართველმა მორაგბემ გაიტანა და ენისეი დააწინაურა, მეორე ტაიმში მეტოქემ თამაშის გათანაბრება მაინც მოახერხა, თუმცა საბოლოო სიტყვა ამ  მატჩში ისევ კაჭარავამ თქვა, საყაიმო ანგარიშის დროს ქართველმა შუამარბმა მეტოქეს ფეხით მოგერიებისას დაუფარა და მეორე ლელო დადო. საბოლოოდ ენისეი -სტმმა ანგარიშით 26:19 იმარჯვა და რუსეთის თასს დაეუფლა. ჩემპიონის რიგებში კიდევ ერთმა ქართველმა მორაგბემ მიხეილ გაჩეჩილაძემაც ითამაშა.

ამავე კატეგორიაში