''ეს იყო პილატეს სასამართლო'' - ჭყონდიდის მიტროპოლიტი

05 სექტემბერი 2017, 00:00 2553 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას მეუფე პეტრე ცაავა გამოეხმაურა. 

საზოგადოებრივ მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტთან საუბარში, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

პეტრე ცაავა ამბობს, რომ ბოროტებას და უღმერთობას საზღვარი არ აქვს.

 

როგორ შეაფასებთ მოსამართლის გადაწყვეტილებას, ელოდებოდით თუ არა ასეთ განაჩენს?

 

- ეს სასამართლო - პილატეს სასამართლოს და იმ კომუნისტური რეჟიმის მემკვიდრეა, რომელმაც 80-იან წლებში უდანაშაულო მღვდელს, დახვრეტა მიუსაჯა. იმედს ვიტოვებდი, რომ მოსამართლე მსგავს „თვითმკვლელობას“ არ ჩაიდენდა. სამწუხარო ფაქტის წინაშე დავდექით, ქვეყანაში უსამართლობაა გამეფებული. მართლმსაჯულება კი დასამარდა. სამწუხაროდ, ეს ჩემთვის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა. დავინახეთ ქვეყანაში უსამართლობას და ძალმომრეობას დამონებული სასამართლო და მოსამართლე.

 ბრალდების მხარის პოზიცია სასამართლომ ნაწილობრივ არ გაიზიარა, როგორ შეაფასებთ მოსამართლის ასეთ გადაწყვეტილებას. ასევე რას იტყვით, სასჯელთან დაკავშირებით, საუბარი უფრო მკაცრ ზომაზე, უვადო პატიმრობაზე იყო?

-ბოროტებას და უღმერთობას საზღვარი არ აქვს. ჩვენი კანონმდებლობა, რომ დახვრეტას ითვალიწინებდეს, პროკურატურა ამ მოთხოვნას წარადგენდა. ფაქტია, რომ მამა გიორგი არავის მოწამვლას და მით უმეტეს მოკვლას არ აპირებდა. გერმანიაში არ მიჰქონდა არანაირი საწამლავი ნივთიერება. ღმერთი ამ სიმართლეს გამოაჩენს და ყველაფერი გაცხადდება.

 

განაჩენის გამოცხადების შემდეგ ხომ არ გქონდათ ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია?

 

-მისი სულიერი გაძლიერებისათვის ლოცვას გავაძლიერებ. გაჭირვებაში, განსაცდელში მყოფი ადამიანი უნდა მოვინახულოთ, ვანუგეშოთ, გავაძლიეროთ, რადგან აქვს ჯვარი, რომელიც მას უფალმა არგუნა.

 

მამა გიორგის მონახულების მიზნით ხომ არ გეგმავთ შესაბამის უწყებებს მიმართოთ?

 

-დღეიდან რაიმე სახის შეზღუდვები აქვს თუ არა მე არ ვიცი. ალბათ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მიმაჩნია, რომ დამნაშავე თუ არის სინანულისაკენ უნდა მოვუწოდოთ, მაგრამ თუ უდანაშაულოა, სულიერად უნდა გავაძლიეროთ. ეს არის ჩვენი მოვალეობა.

 

იყო საუბარი, რომ თქვენ ერთ-ერთი ადვოკატის დამქირავებელი იყავით. თუ მოითხოვა მამა გიორგიმ გადაწყვეტილების გასაჩივრება, დარჩებით თუ არა იგივე პოზიციაზე?

 

-მე ვასრულებ ჩემს მოვალეობას. პატიმარმა დახმარება ითხოვა, რადგანაც მას ერთი ადვოკატი, რომელიც აჭარიდან ჰყავდა, შეუშინეს. დანარჩენები კი დაარიგეს და გაუთქმელობის ხელწერილი დააწერინეს. მამა გიორგიმ მთხოვა, რეკომენდაცია გამეწია ადამიანისთვის, რომელიც იქნებოდა პრინციპული, არ შეეშინდებოდა მართლმსაჯულებას და პროკურატურას. ასევე უანგაროდ იმუშავებდა, რადგან ოჯახს მატერიალური საშუალება არ ჰქონდა. ასეთი ადამიანია მიხეილ რამიშვილი, რომელიც პრინციპულად, ღირსეულად და უანგაროდ მოიხდიდა თავის მოქალაქეობრივ ვალს. მამაოც შეხვდა, ისინი შეთანხმდნენ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში