„ბარბარეს ეკლესიის რეკონსტრუქციის საკითხში მამა გიორგი უდანაშაულოა, მთელი პასუხისმგებლობა მე მეკისრება“ - მეუფე დიმიტრი

06 სექტემბერი 2017, 00:00 6201 ნახვა

„ბარბარეს ეკლესია 1997 წელს მე ავაშენე“  -  განაცხადა მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა. დააკონკრეტა, რომ ძეგლთა დაცვის ნუსხაში შეცდომით შეიყვანეს და ამ  ნუსხიდან ვეღარ შლიან.  ტაძრის რეკონსტრუქციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას მეუფე საკუთარ თავზე იღებს.  მიაჩნია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საზოგადოების ერთი ნაწილის პროტესტი, რომელიც ეკლესიის რეკონსტრუქციის პროცესში მის ჩართულობას  უკავშირდებოდა , უსაფუძვლო იყო. 

„მამა გიორგი ბარბარეს ეკლესიის რეკონსტრუქციაზე გადაწყვეტილებას ვერანაირად ვერ მიიღებდა, რადგან ეპარქიაში მსგავს საკითხებს მე ვწყვეტ. საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან უთანხმოებაც მქონდა. ადამიანების ჯგუფი მიმტკიცებდა, რომ ეს ისტორიული ძეგლია და მისი ხელყოფა არ შეიძლებოდა. ეს მიდგომა ჩვენთვის, მართალი გითხრათ, ცოტა გაუგებარი იყო. ვეუბნებოდი, რომ 1997 წელს ეს ტაძარი მე ავაშენე. აბსოლუტურად არაფერი არ იყო, საძირკველიც კი სხვა გავაკეთეთ იმ ფორმით, რა ფორმითაც ძველი იყო. მერე თქვეს, რომ შეცდომით ძეგლთა დაცვის ნუსხაში შეიყვანეს და ამ ნუსხიდან ვეღარ შლიან. ვეუბნებოდი, რომ ისტორიული ძეგლი არის ხულოში, მაგალითად, მეექვსე საუკუნის ტაძარი, რომელიც ყოველდღე ინგრევა და მიტოვებულია. ის არის ძეგლი და გული იმაზე უფრო უნდა შეტკიოდეთ, რამდენიმე საუკუნით ადრე აგებულზე, ვიდრე ჩემ მიერ აშენებულ ტაძარზე. ეკლესიის რეკონსტრუქციაზე მამა გიორგი აბსოლუტურად უდანაშაულოა და მთელი პასუხისმგებლობა მე მეკისრება“ - აცხადებს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი. 

ბარბარეს ეკლესიის რეკონსტრუქცია 2014 წლის იანვარში დაიწყო. ტაძრის სააღრიცხვო ბარათში აღნიშნულია, რომ შენობა მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზეა აგებული.აღნიშნულ ადგილას მდებარე ძველი ჰოსპიტლის შენობების დანგრევის შემდეგ (1990 – იანი წწ.) ეკლესიამ როგორც ძველი განაშენიანების ნაწილმა, ქალაქდაგეგმარების თვალსაზრისითაც შეიძინა მნიშვნელობა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში