ადგილები რომლებიც ტურისტებს ყველაზე მეტად მოსწონთ

17 სექტემბერი 2017, 00:00 7109 ნახვა

ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი, პეტრას ციხე, გონიო - აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი, მტირალას ეროვნული პარკი  - ეს იმ ადგილების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ტურისტები ყველაზე ხშირად სტუმრობენ.  გაზრდილია ვიზიტორთა სტატისტიკაც.  ვინ, რატომ და როდის სტუმრობს აჭარას? აღმოჩნდა, რომ რეგიონში ყველაზე მეტი ტურისტი ივნისი-ივლისი-აგვისტოს პერიოდში ჩამოვიდა.  გართობის, თავგადასავლების და მშვიდი დასვენების მოყვარულებს რეგიონში სტუმრობისას სრული თავისუფლება აქვთ. არჩევანი კი დიდია.

ვისაც გსურთ მსოფლიოს სუბტროპიკული ფლორა აღმოაჩინოთ, ქალაქის ცენტრიდან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრის გავლა მოგიწევთ.  ეს ბათუმის ბოტანიკური ბაღია  9 ფიტო-გეოგრაფიულ განყოფილებით, უნიკალური მცენარეებითა და ულამაზესი ხედებით.

მხოლოდ აგვისტოს თვეში ბაღს 73 ათას 523 უცხოელი და ქართველი ტურისტი სტუმრობდა, დამატებით 3230 სტუდენტი და 8079 მოსწავლე. საერთო ჯამში ვიზიტორთა რაოდენობამ მხოლოდ ერთ თვეში 84 ათას 832 შეადგინა.

რაც შეეხება იანვარ-ივლისის მონაცემებს ბოტანიკურ ბაღში 140 ათას 905 დამთვალიერებელი იმყოფებოდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16 % მეტია.

ბაღის დათვალიერების საფასური 8 ლარს შეადგენს, ათ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი შესვლა უფასოა. ბაღამდე ტრანსპორტირება შესაძლებელია ფეხით, ველოსიპედით, სამარშუტო ტაქსით და საკუთარი ავტომობილით. ბოტანიკურ ბაღს შეგიძლიათ ყოველდღე დილის 09:00 საათიდან 20:00 საათამდე ესტუმროთ.

ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ვისაც კაკოს, მონიკას, ზოროს, მაიას, ბელუჩის, ნინის, ციცის და მისი ქალიშვილის ოლიმპიას ნახვა სურს ბათუმის დელფინარიუმს უნდა ესტუმროს. დელფინების ულამაზესი შოუ სანახავად წელს 158 ათას 894  ვიზიტორი უკვე იმყოფებოდა.  გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადერებით  15%-იანი ზრდა ფიქსირდება. აღნიშნულ მონაცემში ბავშვები 6 წლამდე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არ შედის, რადგან შოუზე დასწრება მათთვის უფასოა.

 დელფინარიუმი 20 წლიანი პაუზის შემდეგ 2011 წელს გაიხსნა. ზღვისპირა ქალაქში პირველი დელფინარიუმი 1975 წელს ამოქმედდა.  იგი „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო – კვლევითი ცენტრის“ ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილია.  თანამედროვე დიზაინის შენობაა,  ზღვის ცხოველების ხელოვნურ პირობებში შენახვის ყველა უახლეს მოთხოვნას ითვალისწინებს. დელფინარიუმის ამფითეატრი  4 სექტორისაგან შედგება და  795 მაყურებელზეა გათვლილი. რაც შეეხება ფასებს 16:00 საათიან შოუზე დასასწრები ბილეთი - 15 ლარი,  ხოლო 19:00 საათიანი ჩვენების - 20 ლარი ღირს.

ფოტო: ბათუმის დელფინარიუმი ​

თავგადასავლებისა და ველური ბუნების მოყვარულებს მტირალას ეროვნული პარკი  მასპინძლობდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურისტთა 31% მატება დაფიქსირდა. მიმდინარე წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, პარკს 35 ათას 571 ვიზიტორი ჰყავდა, გასული წლის იგივე პერიოდში კი 27 ათას 184.

ეროვნული პარკის ტერიტორია ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორისაა მოქცეული. ცენტრის საექსპოზიციო და საპრეზენტაციო დარბაზში ვიზიტორს საშუალება აქვს  მტირალას  პარკის სპეციფიკას, მომსახურებებს, ტარიფებსა და ტურებს გაეცნოს. აქ ბილიკები მარკირებულია. მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, გამოყოფილია ტერიტორია კოცონის დასანთებად. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ბილიკის მე-9 კმ-ზე  ტურისტული თავშესაფარია განთავსებული. ეროვნული პარკი ვიზიტორებს  სალაშქრო, საცხენოსნო, სამეცნიერო და ეკო-ტურებს სთავაზობს.

ტურისტებისთვის კიდევ ერთი საინტერესო  ადგილი საბაგირო არგოა, რომლითაც წელს 200 ათას 882 ვიზიტორმა ისარგებლა, გასული წის ანალოგიურ პერიოდში კი 183 ათას 69 მნახველი დაფიქსირდა.

კულტურულ გასართობი ცენტრი ,,არგო" სანახაობრივ კომპლექს წარმოადგენს, რომელიც ბათუმში, ანურიის მთაზე ზღვის დონიდან დაახლოებით 250მ სიმაღლეზე მდებარეობს. გასეირნებისას ტურისტებს საშუალება აქვთ ქალაქის, შავ ზღვისა და  მთების უნიკალური ხედებით ისიამოვნონ. კომპლექსი  რესტორნებს, კაფეებს, სავაჭრო ობიექტებსა და ღია დარბაზებს მოიცავს. გასართობი ცენტრი ასევე  საბაგირო გზას მოიცავს. ვიზიტორთა უმრავლესობა არგომდე ასასვლელად სწორედ ამ გზას იყენებს.

კიდევ ერთი ადგილი, სადაც ტურისტები ხშირად დადიან  გონიოს ციხეა.  გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალს წელს იანვარ-აგვისტოს პერიოდში 59 ათას 073 ვიზიტორი სტუმრობდა, გასული წლის აღნიშნულ მონაკვეთში კი მათი რიცხვი 51 ათას 086 შეადგენდა. ისტორიული ციხესიმაგრე ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. 

ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი

 

 

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში