სასამართლომ ბათუმის მესამე პენიტენციური დაწესებულების დირექტორი სამართალდამრღვევად ცნო

20 სექტემბერი 2017, 00:00 3919 ნახვა

სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო სასამართლომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი სამართალდამრღვევად ცნო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილება  14 სექტემბერს მიიღო. დირექტორს "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" ორგანული კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის  სახდელის სახით 800 ლარის ოდენობით  ჯარიმა დაეკისრა.
საქმე ეხება საქართველოს სახალხო დამცველის წერილს, რომელიც ომბუდსმენის აპარატმა 2017 წლის 29 მაისს, პენიტენციური დეპარტამენტის N3 პენიტენციურ დაწესებულების ხელმძღვანელს გადაუგზავნა. ის მსჯავრდებულ მ.შ.-ის განცადებაში მითითებული საკითის შესწავლისათვის საჭირო ინფორმაციის გამოთხოვას ეხებოდა.  

„მსჯავრდებული მიუთითებდა, რომ პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს უარის გასაჩივრების მიზნით 2017 წლის 23 იანვრის საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. საჩივარი ჩაბარდა N3 პენიტენციურ დაწესებულების ადმინისტრაციას, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული საჩივარი არ მიუღია.
საკითხის შესწავლის მიზნით #3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ეთხოვა სახალხო დამცველის აპარატისათვის მოეწოდებინა ინფორმაცია ჩაბარდა თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯავრდებულ მ.შ. -ის 2017 წლის 23 იანვარის საჩივარი. ასევე, დადებითი/უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ეთხოვათ განემარტათ ასეთი გადაწყევტილების მიზეზები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის დადგენილების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ განეკუთვნება ნასამართლობასთან დაკავშირებულ მონაცემებს და შესაბამისად, პენიტენციური დეპარტამენტის #3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებული იყო სახალხო დამცველის აპარატისათვის მიეწოდებინა სათანადო ინფორმაცია“ - წერია განცხადებაში რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

ამავე კატეგორიაში