ცენტრი, სადაც სპორტსმენებს გამოკვლევებს ჩაუტარებენ აჭარაში არ არსებობს

03 ოქტომბერი 2017, 00:00 2899 ნახვა

სპორტსმენებს წელიწადში ორჯერ, ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლისთვის გეგმიური გამოკვლევები უტარდებათ, თუმცა ისინი საჭირო პროცედურების გავლას რეგიონში ვერ ახერხებენ. აჭარაში დღემდე არ არსებობს ცენტრი, სადაც კლუბებისა და ფედერაციების სპორტსმენები გამოკვლევებს ჩაიტარებენ. აღნიშნულის გამო, მათ დედაქალაქში ჩასვლა უწევთ. თბილისში მსგავსი ტიპის სამი სამედიცინო ცენტრი მუშაობს. 

სპორტსმენების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე  პასუხისმგებლობა  ფედერაციებსა და კლუბებს ეკისრებათ.  ერთი წლის განმავლობაში, საფეხბურთო მოედანზე ორი ფეხბურთელი დაიღუპა. ბოლო შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, ვარჯიშის დროს საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ მეკარე  სავარაუდოდ  გულის შეტევით გარდაიცვალა. შოთა მამინაშვილი ბათუმის „დინამოს“ ყოფილი მეკარე იყო.

არაერთი მცდელობის მიუხედავად აჭარაში სპორტული მედიცინის ასოციაციის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა - აცხადებს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ზურაბ კახაბრიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა პრობლემის მოგვარება ამ დრომდე ვერ შეძლეს.
ცალკე პრობლემაა დაზღვევის საკითხი. პირად საუბრებში რაგბისტები ყვებიან, რომ კომპანიები სპორტსმენების დაზღვევაზე, ხშირი ტრავმების გამო უარს აცხადებენ.  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კი განმარტავენ, რომ ასეთ შემთხვევაში მათ საშუალება აქვთ სახელმწიფო დაზღვევით ისარგებლონ.

ამავე კატეგორიაში