თვითმხილველების ინფორმაციით, ბათუმში დაჭრილი პირები სამშენებლო კომპანიაში მუშაობდნენ

07 ოქტომბერი 2017, 00:00 10385 ნახვა

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლები ჯუმბერ ზოიძე და ალექსანდრე ხიმშიაშვილი, ხიმშიაშვილის ძმამ რამაზ ხიმშიაშვილმა სამშენებლო კომპანია „რეალ-პალასის“ ოფისთან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა - აცხადებენ მოქალაქეები, რომლებიც ინციდენტის ადგილას იმყოფებოდნენ. თვითმხილველების თქმით,  მომხდარი ფაქტი, სავარაუდოდ, ოჯახურ უთანხმოებას უკავშირდება.

დაცვის თანამშრომელი ვანო კუნჭულია იხსენებს, რომ სროლის ხმაზე ტერიტორიიდან გამოსულმა კომპანიის დამფუძნებელი დაჭრილი დაინახა. „როდესაც ხმა გავიგონე გამოვედი, სასწრაფო დახმარების მანქანა დავინახე, ჩვენი უფროსი, კომპანიის დამფუძნებელი ჯუმბერ ზოიძე გამოჰყავდათ. შემდეგ პოლიციაც მოვიდა. ინციდენტი ოფისთან მოხდა. ამბობენ, რომ  რამაზ ხიმშიაშვილმა ძმას და ზოიძეს ესროლა“ - ყვება კომპანიაში დასაქმებული.

„სასწრაფომ აქედან ორი ადამიანი წაიყვანა. ამბობდნენ, რომ ძმამ ძმას და კიდევ ერთ ნათესავს ესროლა. რამაზ ხიმშიაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით ჯუმბერ ზოიძე და ალექსანდრე ხიმშიაშვილი დაჭრა. სხვა დეტალები არ ვიცი“ - ამბობს ნოდარ ლამპარაძე.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანა. რეფერალური საავადმყოფოს წარმომადგენელთა განცხადებით, ორივე მათგანს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამავე კატეგორიაში