მიწის აღიარების კომისიამ 13 გონიოელს ნაკვეთები საკუთრებაში დაუბრუნა

13 ოქტომბერი 2017, 00:00 5797 ნახვა

ბათუმის მერიის მიწის საკუთრების აღიარების კომისიამ 13 გონიოელს მიწის ნაკვეთები დაუბრუნა. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ისინი გონიოს მიწების მესაკუთრების საკითხზე, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. ეს ის ოჯახებია რომელთა საქმეების ხელახალი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღიარების კომისიას დაავალა.

დღევანდელ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე დავით კოპინაძემ განაცხადა, რომ თითოეული შემთხვევა დეტალურად შეისწავლეს. მათ ასევე  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან პასუხიც მიიღეს.  დავით კოპინაძე განმარტავს, რომ სააგენტო  ამ მიწების საკუთრებაში გადაცემის წინააღმდეგი არ არის.  მთავარია, მოსახლეობა  ძეგლის დაცვის ზონაზე წინასწარ იყოს ინფორმირებული.

მიმდინარე წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მიწის აღიარების კომისიამ გონიოელების საკითხი ინდივიდუალურად უნდა განიხილოს. მოსახლეობის ინტერესებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტები იცავდნენ.აღნიშნულის შემდეგ მხოლოდ მიწის საკუთრების დარეგისტრირება ოთხმა გონიოელმა მოახერხა, 21 მოქალაქე რეგისტრაციის პროცესშია, ხოლო 29 მათგანის საქმეს ამ დრომდე ბათუმის მერიის მიწის საკუთრების აღიარების კომისია  სწავლობს.

საუბარია მიწებზე, რომელიც მათ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს 2007 წელს მიხეილ სააკაშვილმა, ჯერ საკუთრებაში გადასცა,  2010 წელს კი  ჩამოართვა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში