საკაბელო კომპანიების ნაწილმა პროტესტის ნიშნად ექვსი ქართული არხი გათიშა

17 ოქტომბერი 2017, 00:00 2141 ნახვა

40-მდე მცირე და საშუალო საკაბელო ოპერატორმა  ექვსი ქართული არხი დღეს საპროტესტოდ გათიშეს. მიზეზად ტელეკომპანიების: იმედის, მაესტროს, ჯი-დი-ეს-ის, რუსთავი 2-ის, მარაოსა და კომედი არხის გადაწყვეტილება დაასახელეს, რომლის თანახმად, ტელევიზიებს სიგნალის გავრცელებისთვის, საკაბელო კომპანიებმა თანხა უნდა გადაუხადონ.  

პროტესტს  საკაბელო კომპანია  “tv ერაც“ უერთდება. დირექტორი გია მეტრეველი ამბობს, რომ არხებისთვის ფულის გადახდას არ აპირებს. მისი თქმით, აღნიშნული პაკეტის შეძენის შემთხვევაში მომხმარებლებს მომსახურების საფასური გაუძვირდებათ.

გია მეტრეველის განმარტებით თუ საკაბელოს წარმომადგენლები აღნიშნულ ულტიმატუმს დათანხმდებიან, მომსახურების გაძვირებას სხვა პროვაიდერებიც მოითხოვენ, რაც ქაოსს გამოიწვევს.

‘’დღეს გავთიშო ხვალ ჩავრთო მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, მოლაპარაკება მიმდინარეობს და გადაწყვეტილების მისაღებად ვადა ახალ წლამდე არის. ადგილი აქვს იძულებას, გამოდის 6 არხის უნდა შეიძინო, პირველ პაკეტში ჩართო და მომხმარებელს დამატებით თანხა გადაახდევინო.  შეიძლება ყველას   ყიდვა არ მინდა. არჩევანის უფლებას არ გაძლევენ. 150 არხია, რომელიც შეძენილი გვაქვს. მერე სხვებიც გაგვიძვირებენ და აბონენტი თანხას ვერ გადაიხდის“ - ამბობს კომპანიის დირექტორი.

ამავე კატეგორიაში