‘’ვიღაცამ მითხრა ურნები სოფლებში მიაქვთ და გოდრებათ იყენებენო’’ - სანდასუფთავების სამსახური

30 ოქტომბერი 2017, 00:00 8340 ნახვა

ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე ბოძებზე დამონტაჟებული დეკორატიული ურნების მხოლოდ სახურავები ან რკინის კონსტრუქციებია დარჩენილი, თავად ურნა კი მოპარულია.

შპს ‘’სანდასუფთავების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ბოლოს სამი თვის განმავლობაში დაახლოებით 40 ურნა მოიპარეს. დავით ასამბაძის თქმით, ყოფილა შემთხვევები, როცა ქალაქის ცენტრში, ერთი და იმავე ქუჩიდან დეკორატიული ურნა რამდენჯერმე წაუღიათ.

‘’ადრეც ცუდი პრაქტიკა გვქონდა. ვანდალიზმს ჰქონდა ადგილი. არ დატოვეს არაფერი. სხვა გამოსავალი არ იყო. მთელი ქალაქი რომ მოგვეცვა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი მაინც ეს დეკორატიული ურნები იყო. მთელი წელი არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს დაეზიანებინა.  ბოლო სამი თვეა რა დაემართათ არ ვიცი, ისევ დაიწყეს ურნების წაღება. ვიღაცამ მითხრა სოფლებში მიაქვთ და გოდრებათ ხმარობენო. ვერ გეტყვით’’ - ამბობს სანდასუფთავების სამსახურის უფროსი.

ფაქტების შესახებ უწყების ხელმძღვანელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსაც აცნობა.

დავით ასამბაძე კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს. მისი თქმით, მოსახლეობა სახლიდან ჩამოტანილ საყოფაცხოვრებო ნაგავს დეკორატიულ ურნაში ათავსებს, რაც პლასტმასის კონსტრუქცია აზიანებს. ყოფილა შემთხვევები, როცა სამსახურის წარმომადგენლებს კონტეინერი დამწვარი დახვედრიათ.

ამ ეტაპზე ქალაქში 1000-მდე დეკორატიული ურნაა განთავსებული.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში