რამდენად უსაფრთხოა სამგზავრო ლიფტები

03 ნოემბერი 2017, 00:00 6087 ნახვა

უსაფრთხო ლიფტები - საკითხი რომელიც ბევრ ბათუმელს აწუხებს. პრობლემები განსაკუთრებით ძველ კორპუსებშია. მოქალაქეები ამბობენ, რომ წლების წინ დამონტაჟებული და არაერთხელ შეკეთებული ლიფტებით მგზავრობა საშიშია.
‘’დღეში რამდენჯერმე მერვე სართულზე ფეხით ასვლას მირჩევნია, ისევ ამ ლიფტით ვიმგზავრო. მოგვყავს ხოლმე ხელოსანი და ვაკეთებინებთ. ხშირად არ ფუჭდება, თუმცა ერთხელ ისეთი ნაწილი დაზიანდა, მის შეკეტებას ორი თვე ველოდით. ლიფტის გარეშე მაღალ სართულებზე ასვლა რთულია. ბავშვები გვყავს, სახლში მოხუცებიც. პროდუქტების ატანაც ხომ გინდა. ამიტომ გვირჩევნია ისევ ამ ძველი ლიფტით ვიმგზავროთ’’ - ამბობს მაგული დავითაძე.

 


დავით ზოიძე ახალაშენებულ კორპუსში ცხოვრობს. შესაბამისად აქ ლიფტებიც ახალია. თუმცა პრეტენზიები მასაც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სახლი ექსპლუატაციაში ერთი წლის წინ შევიდა, ლიფტები აქაც ხშირად ფუჭდება. მოსახლეობა ფიქრობს, რომ მშენებლობის პროცესში კომპანიამ ეკონომია გააკეთა და დაბალი ხარისხის ტექნიკა იყიდა. 
‘’განსაკუთრებით რთულია ზაფხულში, როცა კორპუსში ბევრი დამსვენებელია. ლიფტთან რიგში ნახევარი საათიც კი ვყოფილვარ, იმის გამო რომ სამიდან ორი გაფუჭებული იყო. კი სწარაფად ხდება შეკეთება, მაგრამ გარკვეული დისკომფორტი მაინც არის. რაც შეეხება საფრთხეს, მგონია რომ უსაფრთხოა, ყოველ შემთხვევაში იმის შიში არ მაქვს, რომ კაბინა მოწყდება და სადმე ჩავვარდები. მაქსიმუმ რამდენიმე წუთით ლიფტში გავეჭედო.’’

ქალაქის მასშტაბით ლიპტები სამ წელიწადში ერთხელ მოწმდება. ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების ვალდებულება კორპუსის მეპატრონეს აქვს. მან შესაბამის სამსახურს უნდა მიმართოს. შემოწმების შემდეგ ტექნიკური ინსპექტირების ოქმი შედგება, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამსახურში იგზავნება. 
უწყების  ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ამბობს, რომ  გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად კომპანიების წარმომადგენლებს გარკვეულ ვადას აძლევენ.  
‘’ლიფტები   მოძველებულია და ფაქტობრივად მათ ყველა რესურსი ამოწურული აქვთ. მოსახლეობის მონდომების ხარჯზე მუშაობს. საკმაოდ დარღვევებით. ძველი ლიფტების რეაბილიტაცია ძნელია და ძვირი ჯდება. ქალაქში ასეთი 500-მდე ლიფტია. რაც შეეხება შედარებით ახალ კორპუსებს, თვითონ მფლობელებიც ცდილობენ, რომ ლიფტების ნაკლები ხარჯის საფუძველზე   შეინახონ. რის გამო უსაფრთხოების წესები უხეშად ირღვევა და ლიფტის მოვლა-პატრონობასაც ხელი ეშლება. უნდა მიმართონ კომპეტენტურ ორგანოებს, რომლებსაც აქვთ კვალიფიკაცია და ტექნიკური აღჭირვილობა’’- აცხადებს დავით ბერიძე. 


ქალაქში მერიის პროგრამის ფარგლებში  ძველ ლიფტებს ახლით ანაცვლებენ. მიმდინარე წელს მილიონ ლარამდე უკვე დაიხარჯა და 16 ლიფტი დამონტაჟდა.  ‘’ბათუმის კორპუსის’’ დირექტორი ამბობს, რომ მოსახლეობის აქტიურობაა საჭირო. სწორედ მათი მოთხოვნის საფუძველზე ხდება ახლის მონტაჟი. 
პროგრამა მხოლოდ ძველი კორპუსების ლიფტებს ეხება და ის შეკეთებით სამუშაოებს არ ითვალისწინებს. თუ მოქალაქეების მოთხოვნა გაიზარდა მერიის წარმომადგენლები მზად არიან პროგრამის დაფინანსება ეკონომიების ხარჯზე გაზარდონ. 

მოსახლეობა თანადაფინანსების პრინციპით სარგებლობს და მათ თანხის მხოლოდ 8% გადახდა უწევთ.

მიმდინარე წლის მარტში ერთ-ერთ კორპუსში ლიფტის შეკეთების დროს ხელოსანი დაიღუპა. იყო შემთხვევა, როცა გაუმართავი მოწყობილობის გამო მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. 

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში