სპორტი მთავარში

03 ნოემბერი 2017, 00:00 2535 ნახვა

• ენბიეის დასავლეთ კონფერენციის შარშანდელი ფინალისტების  სან ანტონიო „სფურსისა“ და „გოლდენ სტეიტის“  გუშინდელი მატჩი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. შეხვედრის დასაწყისში სან ანტონიოს ქომაგი სტვენით შეხვდა ზაზა ფაჩულიას, რომელსაც ადგილობრივები შარშანდელ ეპიზოდს ვერ პატიობენ და კავაი ლეონარდთან გამიზნულ უხეშობაში ადანაშაულებენ. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრა ის სტივ კერის გუნდის გამარჯვებით 112:92 დასრულდა. მატჩში ყველაზე მეტი, 27 ქულა კელი ტომპსონმა ჩააგდო. ზაზა ფაჩულიამ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო 13 წუთი ითამაშა. ქართველმა ცენტრმა შეხვედრა 4 ქულით, 1  მოხსნითა და 2 პასით დაასრულა. 6 მოგებითა და 3 მარცხით „გოლდენ სტეიტი“ „ჰიუსტონს“ გაუთანაბრდა და მასთან ერთად დასავლეთ კონფერენციის მე-2 ადგილს იყოფს. მორიგი მატჩი ოკლენდელებს 5 ნოემბერს, სტუმრად „დენვერთან“ ელით.

• თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ევროლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. ესპანურმა გუნდმა ბერძნული "პანათინაიკოსთან" 85:84 იმარჯვა. მატჩის ძალიან დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებში გაირკვა. ქართველი კალათბურთელი ერთ-ერთი გამორჩეული იყო საკუთარი გუნდის შემადგენლობაში და შეხვედრა 15 ქულით დაასრულა. პარკეტზე შენგელიამ 29:35 წუთი გაატარა, 3-ჯერ მოხსნა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარებაც გააკეთა. ბასკონია" 1 მოგებითა და 4 მარცხით მე-15 ადგილზეა.

• ევროპა ლიგის მე-4 ტურში, გიმარაეშისა და მარსელის შეხვედრის დაწყებამდე  რამდენიმე წუთით ადრე უსიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა. მარსელის ფეხბურთელებსა და გიმარაეშის  გულშემატკივრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ კი ერთ-ერთ მათგანს სახის არეში მძიმე დარტყმა მიაყენა, რის გამოც მსაჯმა ის მოედნიდან გააძევა.ევრა ამ ტურნირის ისტორიაში,  პირველი ფეხბურთელია, ვინც თამაშის დაწყებამდე გააძევეს.

• ხვალ ორი პრინციპული დაპირისპირებით განახლდება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგა.  გადარჩენისთვის მებრძოლი ფოთის კოლხეთი საკუთარ მოედანზე გორის დილას მიიღებს. ფოთელთა უშუალო მეტოქე ქობულეთის შუქურა კი თბილისში ლოკომოტივს ხვდება, ამ მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვის საშუალება ჩვენს მაყურებელს 15 საათიდან ექნება. მე - 9 და მე - 10 პოზიციაზე მყოფ კოლხეთსა და შუქურას შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა. 33 ტურის დარჩენილი სამი მატჩი კვირას გაიმართება. საბურთალო ჩიხურას უმასპინძლებს, ტორპედო სამტრედიას ხოლო ბათუმის დინამო სტუმრად თბილისის დინამოს გაეჯიბრება. ორი დინამოს არანაკლებ საინტერესო მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, ზეგ  17 საათზე შემოგთავაზებთ.

• საინტერესოდ მიმდინარეობს ეროვნული  სარაგბო პირველობაც. დიდი 10 -ის პირველი წრის დასრულებამდე ორი ტური რჩება. მერვე ტურის პირველ შეხვედრაში დღეს გათამაშების ლიდერმა ქუთაისის აიამ ავჭალის სარაგბო სტადიონზე არმიას 34: 21 მოუგო. დარჩენილი 4 მატჩი ხვალ და ზეგ უნდა გაიმართოს. ტურის ცენტრალური მატჩში ხვალ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი გორის ჯიქი ლელო სარასენს  ხვდება. ქუთაისის ბაგრატი ხვალვე თბილისის ლოკომოტივს მიიღებს. ზეგ კი მარნეულის არმაზი თბილისის აკადემიას გაეჯიბრება. ტურის ბოლო მატჩში ბათუმის „ბათუმი“ კვირას ზედიზედ მეორე გასვლით შეხვედრას გამართავს, ბათუმელთა მეტოქე რუსთავი „ხარები“ იქნება. ბათუმი ამ დროისათვის 18 ქულით სატურნირო ცხრილის მე- 6 პოზიციაზე იმყოფება.

ამავე კატეგორიაში