კაფე ”ფანტაზიას” რესტავრაცია უტარდება

05 ნოემბერი 2017, 00:00 5473 ნახვა

ამ დროისთვის კონსტრუქციას მოზაიკა სრულად აქვს მოხსნილი. გაწმენდილია ე.წ რვაფეხას მიმდებარე ტერიტორია და შადრევანი, რომელიც კაფის განუყოფელი ნაწილი იყო და მიწით იყო დაფარული. კაფე ”ფანტაზიას” რესტავრაციის ფინანსურ ნაწილს, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფონდი ”ქართუ” ფარავს. რა ჯდება მისი რეკონსტრუქცია ამ დრომდე არ გაჟღერებულა.

პროექტის მიხედვით ე.წ რვაფეხას რკინა-ბეტონის კონსტრუქცია გამაგრდება, შემდეგ კი, მოზაიკა აღდგება.  

კაფე ”ფანტაზია” 2000 წლის შემდეგ არ ფუნქციონირებს, მიტოვებული შენობა მძიმე მდგომარეობაში იყო. კაფის რესტავრაცია ბათუმელებმა პერმანენტული აქციებითა და აქტიური სოციალური კამპანიით მოითხოვეს.

 აქციებიდან 2 წლის შემდეგ რვაფეხას რესტავრაცია დაიწყო. 

კაფე ”ფანტაზია”, რვაფეხა, ურჩხული - ასე მოიხსენიებენ ბათუმელები შენობას, რომლის არქიტექტორი გიორგი ჩახავაა. ნამუშევარი, რომელიც 80-იან წლებში აიგო, მთლიანად იყო ამოვარდნილი საბჭოური არქიტექტურიდან. იმდენად იქცევდა თავისი სილაღით, ფერადოვნებითა და მრგვალი, დინამიური ფორმებით ყურადღებას, რომ მალევე გახდა ქალაქის სავიზიტო ბარათი.

რა განთავსდება რესტავრირებულ რვაფეხაში ამ ეტაპზე უცნობია, იგი დღეს ასე გამოიყურება.

ამავე კატეგორიაში