აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფისთვის ხელის შეშლის გამო თურქი მებაჟეები სამსახურიდან გაათავისუფლეს

16 ნოემბერი 2017, 00:00 10683 ნახვა

აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფისთვის ხელისშეშლის გამო თურქი მებაჟეები სამსახურიდან გაათავისუფლეს. 
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადამღებ ჯგუფთან მომხდარი ინციდენტის გამო, თურქული მხარის საბაჟო სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას განუცხადა. ზურაბ პატარაძის  ინფორმაციით,  ზოგიერთი მებაჟე სხვადასხვა პოზიციაზე გადაიყვანეს. 

შეგახსენებთ,  25 სექტემბერს სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებული ვითარების შესახებ საზოგადოებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, “მთავარის” გადამღები ჯგუფი სიუჟეტის მოსამზადებლად იმყოფებოდა. თურქი მებაჟეები შეეცადნენ ოპერატორ ანდრია ქაჩიბაიას და  ჟურნალისტ ჯენი კვანტალიანისთვის წაერთმიათ ტექნიკა, რაც ვერ მოახერხეს, თუმცა ჯენი კვანტალიანს წაართვეს პირადობის მოწმობა და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

მაუწყებელმა საკითხის შესასწავლად შინაგან საქმეთა სამინისტროს და საკონსულოს მიმართა. თურქეთის კონსული ვითარებას ადგილზე გაეცნო.  სარფში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით  მიმდინარეობს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში