ქვევრის დაზიანების ფაქტზე მერიამ პირველი კომენტარი გააკეთა

20 ნოემბერი 2017, 00:00 6400 ნახვა

ბათუმში აღმოჩენილი ქვევრის დაზიანების შესახებ, ბათუმის მერია პირველ კომენტარს აკეთებს. კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი თენგო პეტრიძე ამბობს, რომ მერიაში ქვევრის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია არ შესულა. შესაბამისად, მათ სპეციალისტები ქვევრის დაზიანების შემდეგ მიიწვიეს და დაიწყო ექსპონატის კვლევა. 

"ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ფაქტიურად უვნებელი ქვევრი იყო და მერე დაზიანდა. სამწუხაროდ, მერია ინფორმირებული არ იყო ამ საკითხზე. კომპანიას, რომელიც წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს, ჩვენთვის არ მოუწოდებია ინფორმაცია. შეიძლება ითქვას, ქვევრი მუშა პერსონალის დაუდევრობით დაზიანდა" - ამბობს პეტრიძე. 

მისი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია, ადგილზე მუშაობენ არქეოლოგები. შესაბამისი გამოკვლევების შემდეგ კი მიიღებენ გადაწყვეტილება, რა ზომები იქნება გატარებული. "მანამდე მერია აჩერებს ამ ტერიტორიაზე მუშაობას" - ამბობს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი. 

კონკრეტულად რა რეაგირებაზეა საუბარი და გატარდება თუ არ სანქციები ექსპონატის დაზიანებისთვის, ამ დროისთვის უცნობია.

ბათუმში, თამარის დასახლებაში, კანალიზაციის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მიწის ქვედა ფენებში, მუშებმა ქვევრი აღმოაჩინეს. უვნებლად შემონახული ექსპონატი, აღმოჩენიდან მალევე განადგურდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულებმა ქვევრი ჯერ ხელით, შემდეგ ქვით და ბოლოს ტრაქტორის დახმარებით ჩამოამტვრიეს. ​

ამავე კატეგორიაში