''ვანდალური ქმედების მიმართ უმკაცრესი რეაგირება იქნება'' - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

20 ნოემბერი 2017, 00:00 3829 ნახვა

 

#ერთადმოვუაროთკულტურულმემკვიდრეობას

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გმობს ბათუმში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გარკვეული პირების მიერ არქეოლოგიური ნაშთების მიზანმიმართულ დაზიანებას.  სააგენტოს განცხადებით,  ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და დაზიანების ხარისხის განსაზაღვრად, სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების ჯგუფი დღესვე გაემგზავრა ბათუმში, რომელიც სათანადო ანგარიშს მოამზადებს. მომზადებული დოკუმენტის საფუძველზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სამართლებრივი მოკვლევისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის მოთხოვნით, შესაბამის სამართალდაცვით უწყებებს მიმართავს. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სააგენტოს არქეოლოგები, დღის ბოლოს დაიწყებენ ადგილზე გამოვლენილი შრის არქეოლოგიურ შესწავლას. დაგეგმილია თხრილის გაწმენდითი სამუშაოები, რათა მისი არქეოლოგიური კონტექსტის დადგენა მოხდეს. უბანზე სამშენებლო-სარებილიტაციო პროცესი შეჩერებულია და არქეოლოგიური კერის სრულ შესწავლამდე არ განახლდება. წინასწარი ვარაუდის მიხედვით, გამოვლენილი ქვევრი მე - 11 საუკუნის პერიოდს ეკუთვნის. 

ამასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, საზოგადოების ნებისმიერი წევრის მხრიდან, გამოვლენილი არამართლზომიერი ქმედების მიმართ შეურიგებელი პოზიცია ექნება და კანონის სრული სიმკაცრით იმოქმედებს - განცხადებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამავე კატეგორიაში