24 ნოემბერი - ტრაგედია ბათუმში

26 ნოემბერი 2017, 00:00 4464 ნახვა

11 დაღუპული და 21 დაშავებული. სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს საქართველოს- 10  და ირანის - 1 მოქალაქე ემსხვერპლა ისინი 22-დან 35 წლამდე ახალგაზრდები არიან. უმრავლესობა სასტუმროში, სავარჯიშო დარბაზში დადიოდა.შენობას ცეცხლი ჯერჯერობით გაურკვეველ ვითარებაში, 24 ნოემბერს, საღამოს 8 საათისთვის გაუჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის, გურიის და სამეგრელოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ სასტუმროში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გამოყვანას და ეძებდნენ დაღუპულებს.

გარდაცვლილთაგან ოთხი ხულოს მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო. სამი - სოფელ ქედლებიდან და ერთი სოფელ ვაშლოვანიდან. მათი ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევის დროს სპორტულ კომპლექსში ხულოდან კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა იმყოფებოდა, რომლებმაც საფრთხეს თავი დროულად დააღწიეს. ხოლო დარჩენილმა ოთხმა ახალგაზრდამ ფიტნეს კლუბიდან გამოსვლა შუქის გათიშვის და კარის ჩაკეტვის გამო ვერ შეძლეს. დაღუპულებს შორის ერთი აგვისტოს ომში მონაწილეობდა და ავღანეთში სამხედრო მისიით იმყოფებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სამი მათგანი საუნაში გარდაიცვალა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ ცეცხლის შედეგად ხანძარსაწინააღმდეგო    სისტემა ამოქმედდა, რის გამოც, საუნის კარი ჩაიკეტა. რამდენიმე ადამიანი ძლიერი დაკვამლიანების დროს, ლიფტში გარდაიცვალა. ისინი ქვედა სართულზე ცდილობდნენ ჩასვლას. ასევე თვითმხილველების ინფორმაციით, ვერც ლიფტის კარის გაღება მოხერხდა. თვითმხილველების ინფორმაცია  ოფიციალურად დადასტურებული ჯერჯერობით არ არის.

ამავე კატეგორიაში