დაუცველი უსაფრთხოება - ვინ ამოწმებს კუსტარული გაზის პუნქტებს

13 დეკემბერი 2017, 00:00 4369 ნახვა

"ჩემი სახლის წინ დგას გაზის რეზერვუარი, ერთ დღეს რომ აფეთქდეს ვინაა პასუხისმგებელი?" -  მოქალაქე, რომელიც 26 მაისისა და ბესიკის ქუჩების მიმდებარედ კორპუსში ცხოვრობს, მოძრავი გაზის ე.წ. სადგურის შესახებ გვწერს.

ბათუმში, 26 მაისის №85-ში გაზის ჩამოსასხმელი რეზერვუარი უკვე წლებია დგას. აქ თხევადი აირით ბალონები ადგილზევე ივსება. ე.წ. სადგური საცხოვრებელი სახლის ეზოშია განთავსებული, ირგვლივ კერძო სახლები და მაღალსართულიანი კორპუსებია.  
"საშინელი გაზის სუნია ირგვლივ, მანქანა ეზოშია, სახლში კი ისე აქვს შეშის ფეჩი, რომ მისი მილი პირდაპირ გაზის რეზერვუართან გამოდის.  თუ ნაპერწკალი მოხვდა, აქ არაფერი არ დარჩება ფეხზე მდგომი. მერე არ გვიშველის არც კომპენსაცია და არც სხვა რამ" - გვწერს მოქალაქე, რომელმაც გვთხოვა ვინაობა არ დაგვესახელებინა. 

წერილის ადრესატის თხოვნით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შეეცადა მოეძებნა და კითხვები დაესვა პასუხისმგებელი პირებისთვის, რომლებიც კუსტარულ ან შესაბამისი უსაფრთხოების ზომების არმქონე ობიექტებს ამოწმებენ აჭარაში. 

მაუწყებელს გაუჭირდა დაედგინა  უწყება, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ქალაქში არსებული კუსტარული ან არარეგისტრირებული ე.წ. გაზის სადგურები აღმოაჩინოს, გააკონტროლოს და საჭიროების შემთხვევაში გააუქმოს. 

ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ მერია არც ნებართვას გასცემს და არც მისი კონტროლი ევალება. კითხვაზე - როგორ უზრუნველყოფენ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის გადაწყვეტილებით, ის ცხელ ხაზზე შესულ შეტყობინებებს რეაგირებისთვის ზედამხედველობის სამსახურს გადასცემს.  თავის მხრივ, სამსახური დაადგენს აქვს თუ არა ნებართვა ობიექტს, ასევე, შეეცდება უშუამდგომლოს იმ ორგანოებთან ქვეყნის მასშტაბით, რომლებსაც ამ საკითხზე რეაგირება კანონით ევალებათ. 

მალე აალებადი ან ფეთქებადი კუსტარული სადგურების კონტროლის პირდაპირი ვალდებულება არც აჭარის და არც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროებს აქვთ. 
აჭარის ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ბერიძე განმარტავს, რომ  პასუხისმგებლობა  ნაწილობრივ ეკისრებათ, თუმცა ზოგადად  თხევადი გაზის ჩამომსხმელი ობიექტები და სადგურები მათი კონტროლის მიღმაა. 
„უშუალოდ გაზგასამართი სადგურები ჩვენი საზედამხედველო სფერო არ არის, თუმცა ჩვენ გამოძახებაზე ან შეტყობინებაზე მაინც გავდივართ. იქ შეიძლება მაღალი წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლები იყოს. მსგავსი დანადგარები ჩვენი სამსახურის ზედამხედველობის ქვეშაა და ამ საბაბით ვამოწმებთ გაზის სადგურებსაც. თუ არის დარღვევა, მაგალითად დაურეგისტრირებელია, ინსპექტირება არ ჩატარებულა და ა.შ, ვადგენთ ოქმს და ვატარებთ კანონით გათვალისწინებულ ქმედებებს. თუ აღმოჩნდა არსებითი შეუსაბამობა,  ჯარიმდება და გამოსასწორებლად ვადა ეძლევა. თუ არის კრიტიკული შეუსაბამობა, მაშინ ობიექტის გაჩერება ხდება’’ - ამბობს დავით ბერიძე. 

კიდევ ერთი უწყება, რომელიც ამ სახის ობიექტებს ამოწმებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოა. თუმცა უწყება, ეკონომიკის სამინისტროს მსგავსად,  მხოლოდ რეგისტრირებული ობიექტების შემოწმებას ახორციელებს. 2017 წელს სააგენტომ მონაცემების შეგროვება დაიწყო, 2018 წლიდან  კი დაიწყება ობიექტების შემოწმება. 
სააგენტოს 26 მაისის ქუჩაზე არსებული ობიექტი არ შეუმოწმებია, რადგან იგი არ იყო სერტიფიცირებული, ანუ არ ჰქონდა ამ სახის სამუშაოების უფლება.  უწყებაში განმარტავენ, რომ კუსტარული  ან არარეგისტრირებული ობიექტები ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა აღმოაჩინოს.  

რადგან არ ხდება კონტროლი და აღრიცხვა,  ბაზარზე არარეგისტრირებული კუსტარული სადგურების არსებობის შესახებ ინფორმაცია მწირია.  სახელმწიფო მხოლოდ მოქალაქეების შეტყობინების  იმედზეა.
უკანონო ობიექტს რომ მუშაობა აეკრძალოს, მოქალაქეების აქტიურობაა გადამწყვეტი. ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო პასუხისმგებლობას თავიდან იცილებს და აკისრებს მოქალაქეს. თუ ის მიაწვდის ინფორმაციას საფრთხის შესახებ, მაშინ სამინისტროს ექნება რეაგირება.

 ერთ-ერთი მოძრავი გაზგასამართი სადგური ბათუმში 16 აგვისტოს გენერალ აბაშიძის ქუჩაზე აფეთქდა. რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაიწვა ავტომობილები და საცხოვრებელი სახლები. გამოძიება აფეთქების საქმეზე დღემდე მიმდინარეობს.

 

 

ამავე კატეგორიაში