‘’კონტრაქტორ კომპანიებს ვალდებულება აქვთ ხარვეზები აღმოფხვრან’’ -განათლების სამინისტრო

14 დეკემბერი 2017, 00:00 3171 ნახვა

განათლების სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით,  აღნიშნული სკოლების ნაწილში სარეაბილიტაციო სამუშაოები წლების წინ ჩატარდა, ნაწილში კი მიმდინარე წელს დასრულდა. ჯემალ სურმანიძის თქმით, კონტრაქტორ კომპანიებს აქვთ ვალდებულება ხარვეზები აღმოფხვრან.

‘’ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა 2005 წელს, თუმცა ამ დროისათვის ფაქტიურად ხელახლა არის გასარემონტებელი. 2015 წელს ჩვენს მიერ განხორციელდა მხოლოდ ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები სპორტულ დარბაზში, რომელზედაც ვრცელდება 5 წლიანი საგარანტიო ვადა და კომპანია ვალდებულია დროულად აღმოფხვრას ხარვეზი’’ - ამბობს ჯემალ სურმანიძე.

მისივე განცხადებით, კვირიკეს N1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია  მიმდინარე წელს განხორციელდა. კომპანიამ  ცენტრალური გათბობის სისტემის სამუშაოები ვეღარ დაასრულა. ‘’მიმწოდებელმა კომპანიამ პრობლემა შექმნა.  იმისათვის, რომ სასწავლო პროცესს ხელი არ შეშლოდა, სამინისტრომ  სკოლას მიმართა და ამ მიმართვის საფუძველზე სკოლაში გათბობის ალტერნატიული საშუალებებია შეტანილი  - ელექტრო გამათბობლები, პარალელურად უკვე მიმდინარეობს ტენდერი. დაგათბობის სისტემა რამდენიმე დღეში ექსპლოატაციაში იქნება გაშვებული’’ - განმარტავს განათლების სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ რეაბილიტირებულ სკოლებში გათბობის სისტემა მონტაჟდება.

‘’რაც შეეხება შეშაზე გათბობას, ჯერ კიდევ ბევრ სკოლაში ხდება მსგავსი რამ. თუმცა რეაბილიტაციის ფარგლებში ყველგან მონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა. სველ წერტილებთან დაკავშირებით კი ყველა სკოლას მიეცა მითითება, უზრუნველყონ ჰიგიენის დაცვა.  მათ ამისათვის გააჩნიათ შესაბამისი სახსრები. გარდა ამისა სამინისტრო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს საპირფარეშოების სრულ რეაბილიტაციას’’ - აცხადებს ჯემალ სურმანიძე.

მისივე თქმით,  სამინისტროს მხრიდან არასდროს არ ყოფილა დაფიქსირებული, რომ ყველა სკოლა რეაბილიტირებულია. ‘’ სწორედ ამიტომაც არსებობს სპეციალური პროგრამა ინფრასტრუტურულ პროექტების განხორციელებაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ პროგრამის მოცულობა იყო მაქსიმუმ 3 მილიონი ლარი, ხოლო 2014 წლიდან ყოველწლიურად იზრდება და მომდევნო წელს უკვე მისი ღირებულება უპრეცედენტოდ დიდი - 8 მილიონი ლარი იქნება, რომლის ფარგლებშიც სამუშაოები განხორციელდება 40 სხვადასხვა სკოლაში’’.

ამავე კატეგორიაში