'''აჭარის მაუწუყებელი მოქალაქეებისთვის გახსნილია, თუმცა კვლავ დაბალი რეიტინგი აქვს'' - ‘’საერთაშორისო გამჭვირვალობა’’

14 დეკემბერი 2017, 00:00 3874 ნახვა

​‘’საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ’’ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობის კვლევა დაასრულა. ორგანიზაციამ, ახალი მენეჯმენტის პირობებში, მაუწყებლობაში მიმდინარე პროცესები და პრობლემები შეისწავლა.

ორგანიზაციის მკვლევარების თქმით, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელის მთავარი გამოწვევა ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებაა. ასევე, სტრატეგიის დოკუმენტისა და ტექნიკური განვითარების ხუთწლიანი გეგმის დამტკიცება, მათი შეფასებით ეს პროცესი გაჭიანურდა. 

‘’ახალი სტრუქტურის დამტკიცებამდე თანამშრომლების სამუშაო აღწერილობების შემუშავება და  კონტრაქტების გადახედვა და სამართლიანი სახელფასო სისტემის შექმნა ვერ ხერხდება". ​მათივე შეფასებით, თანამშრომლებს დაბალი მოტივაცია აქვთ, ხოლო ადმინისტრაციას დასაქმებულთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის პრობლემა.

'არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მაუწყებლის სატელევიზიო ბადეში ახალი გადაცემები - სტუდია „რეკის“ გამოძიებები, „კონტექსტი“, „ანარეკლები“ განთავსდა, თუმცა ტელევიზიის რეიტინგი კვლავ დაბალია.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც მკვლევარები ამახვილებენ ყურადღებას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაა. პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ შენობა მუშაობისთვის შეუსაბამოა და არ არის უსაფრთხო. 

‘’პრობლემას ქმნის ის, რომ შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რაც სარემონტო სამუშაოებისგან ზღუდავს. ამასთან, მაუწყებლის მიერ 2014 წლამდე შეძენილი ნებისმიერი ქონება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბალანსზე ირიცხება, შესაბამისად, მაუწყებელი მოკლებულია შესაძლებლობას, განკარგოს ის’’ - განაცხადა სალომე ცეცხლაძემ.

ორგანიზაციის წევრები ბოლო პერიოდში მაუწყებელში გატარებულ რეფორმებზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ ‘’ნათია კაპანაძის სახელთან, რომელიც გასული წლის დეკემბერში აირჩიეს დირექტორად, ასოცირდება მაუწყებელში გარკვეული რეფორმების ინიცირებასთან. კერძოდ, შემუშავდა ორგანიზაციის განვითარებისთვის საჭირო მთელი რიგი დოკუმენტაცია, განახლდა ძველი და დაიწყო ახალი გადაცემები, უფრო გამჭვირვალე გახდა თანამშრომელთა დასაქმების პროცესი’’ - წერია დოკუმენტში. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში