მშენებლობა ბულვართან - ასნომრიანი სასტუმროს სიმაღლე ჯერ უცნობია

29 დეკემბერი 2017, 00:00 3667 ნახვა

ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ბულვართან ახლოს, რუსთაველის  42 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთი შემოღობილია. ტერიტორია 2016 წლის 19 სექტემბრიდან კომპანია „ალიანსი ფრივილიჯის“ საკუთრებაა, რომელმაც საერთაშორისო ბრენდის, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აშენებისთვის სამუშაოები უკვე დაიწყო. 

კომპანიაში ამ ეტაპზე სხვა კომენტარს არ აკეთებენ. 3 260 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიას 978 000 ამერიკულ დოლარად, ასნომრიანი სასტუმროს მშენებლობის და 55 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებით გადასცა. “ალიანს ფრივილიჯს” ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვე აქვს პირობის შესასრულებლად, საიდანაც 15 თვე უკვე გავიდა. 

​ტერიტორიაზე მშენებლობის საკითხი ზონალურ საბჭოზე სექტემბერში განიხილეს. საბჭომ კომპანიას სამშენებლო პირობების  დამტკიცებაზე თანხმობა მისცა. საზოგადოება “ბათომი” კი სანაპირო ზოლში კიდევ ერთი მაღლივი სასტუმროს მშებელობას არასწორად მიიჩნევს და ამბობს, რომ ქალაქის ხედები კერძო ინვესტორთა ბიზნეს ინტერესებს ეწირება.  

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში