ბათუმში კორპუსის მეცხრე სართულიდან კაცი გადმოვარდა

03 იანვარი 2018, 00:00 7533 ნახვა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენელთა ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ მედიკოსებს ის გარდაცვლილი დახვდათ.  

გამოძახება დაახლოებით დილის შვიდ საათზე დაფიქსირდა.

‘’ჩვენს ბრიგადას კაცი სამწუხაროდ გარდაცვლილი დახვდა. თვითმხილველები მიზეზებს, ვერ ასახელებენ.  ამდენად, ვერ გეტყვით ეს იყო უბედური შემთხვევა თუ სუიციდი  - ამბობს ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის მოადგილე ბადრი პაქსაძე.

მეზობლების თქმით, კაცი აღნიშნულ კორპუსში ქირით ცხოვრობდა.

ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა და სასწრაფოც გამოიძახა. ‘’სახლთან ახლოს ბენზინგასამართ სადგურში ვმუშაობ, ხმაური რომ გავიგონე მივედი. კორპუსიდან გადმოვარდნილ კაცს პულსი უკვე აღარ ესინჯებოდა. შემდეგ უკვე სასწრაფო დახმარების ექიმებიც მოვიდნენ’’ - ამბობს სულხან ხოზრევანიძე.

ერმონტოვის ქუჩაზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.   

ამავე კატეგორიაში