ქობულეთში გაუჩინარებულ ახალგაზრდას დაახლოებით ერთი თვეა ეძებენ. დაკარგულის მამა, ზორბეგ დოლიძე ამბობს, რომ სამართალდამცველებმა არასრულწლოვანის კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს. ოჯახი დროულ და ეფექტურ გამოძიებას ითხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს, სამძებრო სამუშაოები, კი გრძელდება.
ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ მოზარდი 7 დეკემბერს სკოლაში წავიდა. სასწავლო დაწესებულების დირექტორი კი ამბობს, რომ მე-12 კლასელი იმ დღეს სკოლაში არ გამოცხადებულა. დაკარგულის და აცხადებს, რომ მისი ძმა გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე სახლში, ფიზიკური დაზიანებებით დაბრუნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში არასრულწლოვნის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 8 დეკემბერს შევიდა. უწყებამ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.