სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს განცხადება

14 იანვარი 2018, 00:00 4961 ნახვა

სიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო არის პლატფორმა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პროცესების გაშუქებისათვის. მიგვაჩნია, რომ კულტურა ამ პროცესში დიდ როლს ასრულებს. დღეს აჭარის ტელევიზიის ორი გადაცემა „სცენა“ და „არტექსპერტი“ ეთმობა ხელოვნების, მათ შორის, თეატრის წარმოჩენას. ვწუხვართ, რომ ბათუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში 2018 წლის 11 იანვრის შეხვედრაზე არ მოგვეცა შესაძლებლობა საქმიან ფორმატში გვემსჯელა, თუ როგორ ვხედავთ თეატრალური პროცესების გაშუქებას აჭარის მაუწყებელში, რა შეიძლება გავაკეთოთ, ჩვენი შეზღუდული რესურსების და გაზრდილი გამოწვევების ფონზე.

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო მხარს უჭერს ხელოვნების და კულტურის თემატიკის გაშუქებას და გრძნობს პასუხისმგებლობას, რომ ამით გავაძლიეროთ ჩვენი საზოგადოება.

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტს მიაჩნია, რომ სპექტაკლების სატელევიზიო ვერსიების მომზადება არ არის ტელესპექტაკლები. ჩვენი აზრით, ტელესპექტაკლი არის მნიშვნელოვანი თავად მაუწყებლის განვითარებისთვის.

ამისათვის ვამუშავებთ კონკრეტულ პროექტს, რომელშიც გაწერილი იქნება როგორც წარმოების ტექნიკური პირობები, ისე დრამატურგთა, რეჟისორთა, მსახიობთა და სადადგმო ჯგუფის სხვა წევრთა შერჩევის წესი.

ჩვენი სურვილია, რომ ტელესპექტაკლებში დასაქმდნენ საქართველოს სხვადასხვა თეატრალური დასის მსახიობები. ამ საპროექტო წინადადებას საზოგადოებას გავაცნობთ 2018 წლის 12 თებერვალს. ამასთანავე ვამუშავებთ სხვა საპროექტო წინადადებას, გარე წარმოების წესით გადავიღოთ საქართველოს რეგიონული თეატრების სპექტაკლები. ამ სპექტაკლებს შეარჩევენ თეატრალურ საზოგადოებაში სანდო, მიუკერძოებელი და მაღალი პროფესიული რეპუტაციის მქონე სპეციალისტები, რომელთა ჩართულობა და კრიტიკული შეფასება დაეხმარება ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებას.

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ყოველთვის იმუშავებს საზოგადოებისთვის.

ამავე კატეგორიაში