მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

19 იანვარი 2018, 00:00 2793 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს.

დღესასწაულზე ტაძრებში სრულდება წყალკურთხევა, დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი მორწმუნეებს ურიგდებათ.

ნათლისღება თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან, სახარების მიხედვით, ამ დღეს ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე, ნათლობა დაწესდა.

წმ. სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვყავ".

დიდი აიაზმის წესით, წყალი ნათლისღების წინა დღე, გუშინაც ეკურთხა.

გადმოცემის თანახმად, წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის მთელი წლის განმავლობაში ინახება, მორწმუნეები მას განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღებენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში