''დაღუპულ მუშებზე სიცოცხლის დაზღვევის თანხა არ გაიცა'' - ოჯახის პროტესტი 

23 იანვარი 2018, 00:00 3795 ნახვა

ლეხ და მარია  კაჩინსკების ქუჩაზე, ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე 8 სექტემბერს, ორი ახალგაზრდა მუშა დაიღუპა. მათი ოჯახის წევრები და ახლობლები დღეს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. ისინი სადაზღვევო კომპანია ‘’უნისონს''  ვალდებულებების შესრულებას სთხოვენ. ამბობენ, რომ მშენებლობაზე დასაქმებულები სადაზღვევო პოლისებით სარგებლობდნენ.

‘’კომპანია დღემდე არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, რომლის მიხედვითაც ოჯახებს 100 ათასი დოლარი უნდა დაერიცხოს, ‘’უნისონის’’ წარმომადგენლები დაზარალებულებს, კომპანია ''მეტროს’’ ხელმძღვანელებთან  ამისამართებენ’’ - აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელიც დღეს აქციის მონაწილეებთან ერთად საკითხის გაპროტესტებას გეგმავს.

‘’ოჯახები, რომლებმაც ახალგაზრდა ადამიანები დაკარგეს და ორივე მათგანს უახლოეს მომავალში შვილები გაუჩნდებათ, შეურაცხყოფილად და დამცირებულად გრძნობენ თავს. არა იმიტომ, რომ თანხა არ ჩაურიცხეს. უბრალოდ აქ ღირსების საკითხია, რადგან ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არავინ იღებს პასუხისმგებლობას იმ ხარჯებზე, რაც ოჯახებმა აქამდე გასწიეს და ასევე იმ ბავშვებზე, რომლებიც გაჩნდება და არ ეყოლებათ მარჩენალი’’ - აცხადებს თამაზ ბაკურიძე.

უბედური შემთხვევა ბათუმში, ლეხ და მარია  კაჩინსკების ქუჩაზე, ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე მოხდა. როგორც დასაქმებულები ყვებოდნენ, ახალგაზრდა მუშები ამწეს სპეციალურ ავზზე ისხდნენ, რომელსაც  ბეტონი გადაჰქონდა, რა დროსაც ბაგირი გაწყდა და მუშები ბეტონთან ერთად მეშვიდე  სართულიდან გადმოვარდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები თემაზე მუშაობენ, სადაზღვევო კომპანიის პოზიცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

ამავე კატეგორიაში