„ჯაველინების“ სისტემა საქართველოშია

23 იანვარი 2018, 00:00 5243 ნახვა

„ჯაველინების სისტემის შეძენის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. სისტემა უსაფრთხო ადგილას არის განთავსებული“ -  ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ლევან იზორიას განმარტებით, ახლო მომავალში დაიწყება მომზადება, რათა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა იმ უნარების დაუფლება შეძლონ, რაც ამ სისტემის გამოყენებისთვის არის აუცილებელი.

"ჯაველინი" არის მესამე თაობის ანტი-სატანკო იარაღი, რომელსაც სამიზნის განადგურება არამხოლოდ პირდაპირი, არამედ სითბური დამიზნებით, ბარიერს მიღმაც შეუძლია. გასროლის შემდეგ რაკეტა სამიზნეს ზემოდან, დაახლოებით 50 მეტრის სიმაღლიდან ეცემა და ანადგურებს.

სამიზნის აღმოსაჩენად რაკეტა სწორედ მის წინა მხარეს დამონტაჟებულ თერმულ და ლაზერულ სისტემას იყენებს და მას ოპერატორის მიერ მართვა არ სჭირდება. ჯაველინების საქართველოსთვის მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 20 ნოემბერს მიიღო. საერთო ჯამში FGM-148-ის 72 გამშვებ დანადგარს და 450-ზე მეტ რაკეტას ჩვენი ქვეყანა 75 მილიონ დოლარად შეიძენს.

ლევან იზორიამ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იან კელის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. საუბარი შეეხო ასევე სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედებასა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს.

 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში